logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სარწმუნო წყარომ მაცნობა, რომ ბესელიამ ზაზა ოქუაშვილისგან აიღო ქრთამი „ომეგას“ მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად
- +

24 დეკემბერი. 2019. 16:21

 

„სარწმუნო წყარომ მაცნობა, რომ ბესელიამ კომპრომატების „დიდოსტატის“ ზაზა ოქუაშვილისგან აიღო ქრთამი „ომეგას“ მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად. თუმცა, ეს დავა ვერ მოგვარდა და ბესელიას მოუწია ქრთამის ნაწილის დაბრუნება“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

როგორც აბაშიძე წერს, მის ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციის თანახმად, პროკურატურამ უკვე დაასრულა ეკა ბესელიას კორუფციული საქმეების მოკვლევა და მალე უკვე ოფიციალურად დაიწყება გამოძიება.

 

„ოქუაშვილი-ბესელია-თოდუას „ტრიუმვირატზე“. ეს კავშირი 20 წელს ითვლის. ჩემს ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციის თანახმად, პროკურატურამ უკვე დაასრულა ეკა ბესელიას კორუფციული საქმეების მოკვლევა და მალე უკვე ოფიციალურად დაიწყება გამოძიება. ამას უკავშირდება სამეგრელოს რაიონში, ბოლო პერიოდში კორუფციის ბრალდებით დაკავებული პირები ირიბად თუ პირდაპირ.

 

გადავხედოთ თემასთან დაკავშირებული ამბების მოკლე ქრონოლოგიას: გახსოვთ, 2 იანვარს „ფეისბუქიდან“ გაუწყეთ, რომ მმართველ პარტიაში „ნაღმზე აფეთქდებოდა“ ეკა ბესელია და გაირიცხებოდა უმრავლესობიდან. ვწერდი საკმაოდ ბანალურ „ნაღმზე“, კორუფციის თემაზე?

 

ამონარიდი იმ „პოსტიდან“:

 

მოგეხსენებათ, რომ წლებია არსებობდა მოარული ხმები იმის შესახებ, რომ ქალბატონი ბესელია ჯერ კიდევ ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობის პერიოდიდან, გარკვეულწილად აგვარებდა რაღაც საქმეებს უზენაეს სასამართლოში. სარწმუნო წყარომ მაცნობა, რომ ბესელიამ კომპრომატების „დიდოსტატის“ ზაზა ოქუაშვილისგან აიღო ქრთამი „ომეგას“ მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად. თუმცა, ეს დავა ვერ მოგვარდა და ბესელიას მოუწია ქრთამის ნაწილის დაბრუნება. ამ ყველაფრის ჩანაწერი კი, ოქუაშვილს გაუკეთებია და ახალი გასროლით ემუქრება “ოცნებას”. სროლა კი დასწრებაზეა. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც გვარამიამ ორაზროვნად დაანონსა: თუ ბიძინას მტრისთვის სასამრთლოში საქმის დასალაგებლად ფულს იღებ, მერე მეორე კლანთან წააგებ, საქმეს ვერ მოაგვარებ და ფული უკან დასაბრუნებელი გაგიხდება და ამას ბიძინა გაგიგებს, კომიტეტის თავმჯდომარეობას უკან მოგატოვებინებსო. ძველი კი არა და, გრძელი ქართული ანდაზა 21იანვარს, სკანდალური თემა კიდევ უფრო განავრცო სააგენტომ, რომელმაც გაზეთ „ვერსიაზე“ დაყრდნობით გვაუწყა: „ყველაზე პიკანტური დეტალი ამ საქმეში ის გახლავთ, რომ ოქუაშვილი ამასაც არ დასჯერდა და კომპრომატის ყიდვა, დაახლოებული პირის მეშვეობით, ბიძინა ივანიშვილს შესთავაზა. ბიძინამ კი ერთი ცენტიც არ გადაიხადა, მიუხედავად იმისა, რომ ოქუაშვილმა სკანდალური ვიდეოჩანაწერი ივანიშვილის სანდო პირს აჩვენა და თან ავთენტურობის დამადასტურებელი ორი სხვადასხვა ბრიტანული საექსპერტო ბიუროს დასკვნაც დაურთო.

 

აღსანიშნავია, რომ 22 იანვარს, სკანდალით დაინტერესდა ნაცების ერთ-ერთი სააგენტო itv.ge. „მედიაში უკვე გაჟონილი ინფორმაციაზე დაყრდნობით“, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა საქმის სასამართლოში მოგვარების მიზნით, ქრთამის სახით, სადავო თანხის 10 პროცენტი გადაიხადა, რომელიც 30 მილიონიდან, სამი მილიონია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ კი, რომელიც ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი და „ქართუს“ ყოფილი იურისტია, ბესელიას წინაშე ვალდებულება აიღო, რომ სასამართლო ზაზა ოქუაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანდა და 30 მილიონიანი დავაც საქართველოს ბანკთან, ამით დასრულდებოდა. თუმცა, თოდუამ, რომელიც პარალელურად, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის თავმჯდომარეცაა, საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო...

 

იმის გამო, რომ ბესელიამ და ივანიშვილის მოსამართლე თოდუამ ოქუაშვილს პრობლემა ბოლომდე ვერ გადაუჭრეს, მან ქრთამის უკან დაბრუნება მოითხოვა. „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა გაცემული თანხის მხოლოდ ნაწილი მიიღო და ქრთამის უკან მიტანის პროცესი ფირზე ჩაიწერა, გვამცნო itv.ge-მ.

 

საზოგადოებაში, ყველას თუ არა, ნაწილს ახსოვს შპს „ელიზის“ და „ომეგას“ დავა, რომელიც წარმოებდა 1997 წელს. მაშინდელი პრესა ბევრს წერდა ამ საქმეზე. მესმის, რომ მილენიალთა თაობას ეს არ ახსოვს. იქ ერთი პიკანტური დეტალიც იყო. კერძოდ, ოქუაშვილი სასამართლოსგან ითხოვდა უკანონო ფარული ჩანაწერის ლეგალიზაციას და პირველი ქრთამიც მზია თოდუას ოქუაშვილმა სწორედ 1997 წელს გადაუხადა, როცა სასამართლოში „ელიზის“ საქმის განხილვა მიმდინარეობდა.

 

ამასთან, პრესის არქივში არის ცნობები იმის შესახებ, რომ ყველა იმ სამოქალაქო დავაში, სადაც ზაზა ოქუაშვილი შვილთან სავარაუდო მამობას არკვევდა, მოსამართლე იყო მზია თოდუა. თუმცა, ეს პირადი ცხოვრების საკითხია და არ საჭიროებს ჩაძიებას. მაისში, ასევე „ფეისბუქით“ გამცნეთ ტელეკომპანია „მაესტროს“ საკმაოდ ჩახლართული ისტორიის ერთი საინტერესო მომენტი, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა მაკა ასათიანის მიერ ტელეკომპანიის დაფინანსების შეწყვეტა ყველაზე ეფექტურად სცადა და „იურიდიულად“ პრობლემები შეუქმნა ასათიანების ოჯახის ბიზნესს – „მერსედეს-ბენცის“ წარმომადგენლობას საქართველოში.

 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მაკა ასათიანმა არსებული დავა ორივე ინსტანციაში მოიგო. რჩებოდა მესამე ინსტანცია – უზენაესი სასამართლო. როგორც ჩანს, ამ საქმის მოგება იმდენად პრინციპული იყო ნაცებისთვის, რომ დაიწყო მათი არასამთავრობოების და მედიის ორგანიზებული შეტევა საზოგადოებრივ აზრზე. საქმეში ჩაერთო ეკა გიგაურის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“. გამოქვეყნდა კვლევა „კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში“, სადაც მაკა ასათიანის ოჯახის საკუთრებაში არსებული შპს „აკას“ საქმე განიხილებოდა და ოჯახი დადანაშაულდა სასამართლო სისტემაში კორუფციულ გავლენებში.

 

ცხადია, ეს კვლევა გვარამიას „რუსთავი-2“-მა ინტენსიურად გააშუქა. უზენაესში ასათიანმა დავა წააგო - მითითებებით დაბრუნდა ხელახლა განსახილველად სააპელაციოში. სარწმუნო წყაროებმა კი მითხრეს, რომ ასათიანის წაგებას [„ყველაფრის მოკვარახჭინებას“] ხელი თავად ქალბატონმა ეკა ბესელიამ მოკიდა და გაიმარჯვა კიდეც – ქრთამმა კიდევ ერთხელ გაანათა ჯოჯოხეთი. ნაცების ზემოხსენებული სააგენტო itv.ge 25 მაისს წერდა, რომ 2012 წელს ეკა ბესელიამ ბიზნესმენ ილია დალაქიშვილთან გარიგება დადო.

 

როგორც ირკვევა, ეკა ბესელია ილია დალაქიშვილის ახლობელს თურქეთში, ტრაპიზონის ერთ-ერთ კაფეში შეხვდა და ქრთამი აიღო იმისთვის, რომ ილია დალაქიშვილი პოლიტპატიმართა სიაში შეეყვანა. და ბოლოს, რაც დასაწყისში დავწერე - ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, პროკურატურაში უკვე დასრულდა ბესელიას კორუფციული საქმეების მოკვლევა და მალე დაიწყება გამოძიება“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner