პარლამენტის წევრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ფეიკნიუსებთან“ დაკავშირებით, ზოგადად, ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ვითარებაა და ეს აშკარად შეინიშნება ჩვენს სოციალურ ქსელებში.
მისი განცხადებით, აქ უარყოფითი გარდატეხა შეიტანა 2018 წლის არჩევნების დროს ნაციონალური მოძრაობის აქტიურობამ:
„მაშინ გახსოვთ რუსი ექსპერტი ჰყავდათ საკმაოდ გამოცდილი - ცნობილი შკლიაროვი, რომელმაც დაატრიალა დიდი უბედურება ჩვენს სოციალურ ქსელებში და, პრაქტიკულად, მას შემდეგ ვეღარ შეჩერდა ეს პროცესი. ნიაღვარია როგორც აგრესიის, ასევე სიცრუის სოციალურ ქსელებში და, ბუნებრივია, ამ საკითხს სჭირდება შესწავლა და რეაგირება“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მისი თქმით, როდესაც არის საუბარი ინტერნეტით, Facebook-ით გავრცელებულ ცალმხრივ ინფორმაციაზე, ეს ინფორმაციები ვრცელდება მხოლოდ იმ გვერდებზე და საშუალებებზე, რომლებიც ლოიალურები იყვნენ ხელისუფლების მიმართ, თუმცა არ გავრცელებულა არანაირი ინფორმაცია იმ ცნობილ ვებ თუ Facebook-ის გვერდებთან, ტროლებთან და ბოტებთან დაკავშირებით, რომლებიც მხარს უჭერენ ხელისუფლების ოპონენტებს და ასეთები ბევრად მეტია მათთან შედარებით, ვინც შეიძლება იყოს ლოიალურად განწყობილი.
„არის ათასი ვებგვერდი, სხვათა შორის ის ვებგვერდები, რომლების ყოველდღიურად ავრცელებენ „ფეიკნიუსებს“. იგივე presa.ge რომ ავიღოთ, ცნობილი ვებგვერდი, შარშან გაავრცელეს ინფორმაცია რომ ირაკლი კობახიძეს ბადენ-ბადენში აქვს ნაყიდი სახლი, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ფოტოები იყო ჩაგდებული, ამოღებული კონკრეტული ვებგვერდიდან. ასევე გაავრცელეს ინფორმაცია „ქართული ოცნების“ 100 მილიონერი დეპუტატი და ჩემით იწყებოდა ეს სია. რეალურად ასეთი ვებგვერდი, რომელიც ყოველდღიურად არის დაკავებული „ფეიკნიუსების“ გავრცელებით, დღეს თვითონ აღტაცებული საუბრობს იმაზე, რომ რაღაც „ფეიკნიუსების“ გამავრცელებელი ტროლები და ბოტები იქნა აღმოჩენილი. ბუნებრივია, ვითარება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის არც თუ მარტივი. არ არის სასიამოვნო, რომ ამდენი აგრესია და სიცრუე მოედინება სოციალური ქსელების მეშვეობით. სოციალური ქსელებიც არ არის ერთადერთი საშუალება სიცრუის და აგრესიის გავრცელების. იგივე ეხება ტელევიზიებს, ვებგვერდებს, სხვა მედიასაშუალებებს, რომლებიც არის გაჯერებული აგრესიით და სიცრუით და ეს მედიასაშუალებები არსებითად უკავშირდება მთავარ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 9 წლის განმავლობაშიც და შემდეგ უკვე 7 წლის განმავლობაში ერთადერთ რამეზე დგას - ეს არის სიცრუე, სხვა არაფერი და ეს არის მათი ერთადერთი იარაღი, თუმცა არსებობს ამ იარაღზე უფრო ძლიერი იარაღი - სიმართლე და სწორედ ამ იარაღით ვიგებთ ჩვენ ყველა არჩევნებს. სწორედ ამ იარაღის წყალობით დგას ჩვენს უკან ხალხი და ხალხის მხარდაჭერა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის წევრის განცხადებით, ზოგადად ეს სფერო რთული მოსაწესრიგებელია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მეორე მხარეს დგას გამოხატვის თავისუფლება და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაჩნდეს ისეთი რეგულაცია, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს. როგორც მან აღნიშნა, ექნებათ კონსულტაციები და თუ დღის წესრიგში დადგა, რომ ეს საკითხი კანონმდებლობით როგორღაც უნდა მოწესრიგდეს - პირველ რიგში კონსულტაციებს გამართავენ საერთაშორისო პარტნიორებთან და ამ კონსულტაციების საფუძველზე შეიძლება კიდეც გადაიჭრას ეს საკითხი.
„ყველა თანხმდება, რომ პრობლემა არის, თუმცა პრობლემა არის თუ არა მოგვარებადი, ეს არის მეორე საკითხი, ანუ არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც პრობლემა არ ექვემდებარება მოგვარებას იმიტომ, რომ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო კონკრეტულ შემთხვევაში. პრობლემა ცალსახად არის, თუმცა რეგულირება ამ სფეროში მარტივი არ არის. სხვადასხვა ქვეყანაში ცდილობენ ამის გაკეთებას, თუმცა დემოკრატიულ სივრცეში ამ საკითხს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან და ჩვენც, რა თქმა უნდა, ასეთ სიფრთხილეს გამოვიჩენთ. რაც მთავარია, არც ერთი ისეთი ცვლილება არ განხორციელდება, რომელიც უარყოფითად შეფასდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.