თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსთაველის გამზირზე მდებარე ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობას ნგრევის საფრთხე ემუქრება.
„ეს უფრო მეტად ოპოზიციის ფანტაზიის ნაწილია. ჩვენმა მოსახლეობამ იცის, რომ ოპერის სრული რეაბილიტაცია 2015 წელს დასრულდა და მაღალი ხარისხით შესრულდა სამუშაო. იმის გათვალისწინებით, რომ რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ტერიტორია მდებარეობს გეოლოგიურად არამდგრად ქანობზე, ამის გამო პერიოდულად ტარდება გეოლოგიური კვლევები. სწორედ ასეთი ერთ-ერთი პერიოდული შემოწმების დროს, 2017 წელს გამოვლინდა, რომ მიწისქვეშა გრუნტის წყლებმა იცვალა მიმართულება. იმის გამო, რომ საფრთხე არ შექმნოდა ოპერის შენობას, საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოები. სწორედ ამაზეა საუბარი, რაც არანაირ კავშირში არ არის აქამდე შესრულებულ სამუშაოებთან ან ოპერის შენობის დანგრევასთან. კიდევ ერთხელ ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ რუსთაველის გამზირი მდებარეობს გეოლოგიურად არამდგრად ქანობზე და მოხდა გრუნტის წყლების ცვლილება, რომ არ შექმნოდა საფრთხე შენობას და არა ისე, რომ საფრთხე შეექმნა და ახლა რამე კატასტროფა ხდება, ამის გამო ხდება პრევენციულად გამაგრებითი სამუშაოები“, - განაცხადა ბენდელიანმა.