logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ სურდეს, რომ მოლაპარაკების უფრო ეფექტური ფორმატი არსებობდეს, ვიდრე 50 შეხვედრა
- +

25 დეკემბერი. 2019. 14:09

 

„არ მეგულება ადამიანი, ვისაც შეიძლება არ სურდეს, რომ მოლაპარაკების უფრო ეფექტური ფორმატი არსებობდეს, ვიდრე 50 შეხვედრა, რომელსაც კონკრეტული შედეგი არ მოუტანია“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს ჟენევის მოლაპარაკების ფორმატზე საუბრისას განუცხადა. ამით ვოლსკი გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, საქართველო რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ტექნიკურ ფორმატებშია „გაჩხერილი“.

 

„ძალიან გონივრული იყო ეს შეფასება, თუმცა ჟენევის ფორმატი პოზიტიურად შეფასებას იმსახურებს, ვინაიდან საერთაშორისო დონეზე საქართველოს თემის გატანა მხოლოდ ამ ფორმატით გახდა შესაძლებელი, თუმცა იმთავითვე უკვე ცნობილი იყო, რომ ევროკავშირი მეთვალყურეობის მისიით ვერ გადავიდოდა საოკუპაციო ხაზს იქით. ამის მიუხედავად, საერთაშორისო ყურადღების საქართველოზე კონცენტრაციის ფუნქციას ჟენევის ფორმატი კარგად ასრულებს. რასაკვირველია, უფრო ეფექტური იქნებოდა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო მოლაპარაკების მაგიდასთან უფრო დახვეწილ ფორმატში იჯდეს. არ მეგულება ადამიანი, ვისაც შეიძლება არ სურდეს, რომ უფრო ეფექტური ფორმატი არსებობდეს, ვიდრე 50 შეხვედრა, რომელსაც კონკრეტული შედეგი არ მოუტანია, მაგრამ ამისთვის წინაპირობები არ არის შექმნილი. ეს მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს „ტექნიკური“ უწოდა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მაგალითად, საქართველოსთვისაც კარგი იქნებოდა ნორმანდიულის ტიპის ფორმატი.

 

„ჩვენ ვართ სადღაც გაჩხერილი ამ ტექნიკურ ფორმატებში, რომელსაც ვაგრძელებთ, მაგრამ არაფერი იცვლება. მოვითხოვე პირველივე დღიდან, ვიმუშაოთ იმისკენ, რომ პოლიტიკური მასშტაბი მივცეთ, დავუბრუნოთ, რადგან რეალურად, ჟენევა დასაწყისში იყო პოლიტიკურ დონეზე და შემდეგ ჩამოვიდა ამ ტექნიკურ დონეზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner