მდგრადი განვითარების მიზნების საკითხზე პასუხისმგებელ პარლამენტის წევრად იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დავით მათიკაშვილი აირჩია.
მდგრადი განვითარების მიზნები გაწერილია შემდეგ დოკუმენტებში: საქართველოს პარლამენტის სტრატეგია „მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში 2019-2030 წლებისთვის“ და „საქართველოს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის". აღნიშნული დოკუმენტები საქართველოს პარალამენტის ბიურომ 2019 წლის 12 ივნისს დაამტკიცა.
„საქართველოს პარლამენტის სტრატეგია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისა და მონიტორინგისთვის“ მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის ეფექტიანი ზედამხედველობითი და კანონშემოქმედებითი მექანიზმების გამოყენებით, ხელი შეეწყოს ქვეყანაში მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესს. იგი გაწერილია 2030 წლამდე, ხოლო თანდართული სამოქმედო გეგმა მოიცავს 2019-2020 წლებს.
სტრატეგია შემუშავებულია 2015 წლის 25 სექტემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) მიერ მიღებული რეზოლუციის „ჩვენი მსოფლიოს ცვლილება: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“ მიხედვით.