logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: ოპოზიცია გაცეცხლებულია, რადგან ხედავენ, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, კახა კალაძე რეიტინგებში ერთ-ერთი პირველია
- +

26 დეკემბერი. 2019. 16:56

 

„ოპოზიცია გაცეცხლებულია იმიტომ, რომ მიუხედავად იმ პრობლემებისა, იმ გამოწვევებისა, რაც არის დედაქალაქში და ქვეყანაში, მაინც ხედავენ, რომ კახა კალაძე არის რეიტინგებში ერთ-ერთი პირველი, რადგან რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვაკეთებთ ხარისხიანად“, - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუამ კომისიების გაერთიანებული სხდომის შემდეგ განაცხადა.

 

მან ისაუბრა თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის შესახებ და უპასუხა ოპოზიციის კრიტიკას, რომ ბიუჯეტი კლებადია და კონკრეტულ მიმართულებებში კლებაა.

 

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ოპოზიცია არაკვალიფიციური, არაკომპეტენტური და უბრალოდ, მატყუარაა, მეტი არაფერი. შავით თეთრზე წერია, რა იყო 2019 წელს დამტკიცებული ბიუჯეტი და რა არის 2020-ში შემოტანილი. ყველა მიმართულებით არის ზრდა ფაქტობრივად, ან იგივე ნაწილი. წელს ბიუჯეტი შემოტანილია, მეორედ როცა შემოიტანეს, ესაა დაახლოებით მილიარდ 21 მილიონი, თუმცა წლის ბოლომდე დაახლოებით მილიარდ 300 მილიონამდე გაიზრდება, ამას დაემატება ნაშთები, დაემატება EBRD-ის 80 მილიონიან ევროიანი, ასე ვთქვათ, თანხები და იქნება დაახლოებით მილიარდ 300 მილიონი. ეს ნიშნავს, რომ გაცილებით მეტი დაიხარჯება მომავალ წელს როგორც ინფრასტრუქტურაზე, როგორც სატრანსპორტო მიმართულებით, განათლებაზე, ასევე ცალკეულ პროექტებზე. ესაა რეალობა და სიმართლე და შეგიძლიათ, უბრალოდ ბიუჯეტის პრიორიტეტები აიღოთ და იქ ნახოთ, მეტი არაფერი", - განაცხადა ზარქუამ.

 

მისივე თქმით, ოპოზიცია „გაცეცხლებულია" სწორედ იმ მიზეზით, რომ ყველაფერი, რაც კეთდება, ხარისხიანად კეთდება.

 

„რატომ არის, რომ ოპოზიცია გაცეცხლებულია? იმიტომ, რომ ჩვენ, მიუხედავად იმ პრობლემებისა, იმ გამოწვევებისა, რაც არის დედაქალაქში და ქვეყანაში, მაინც ხედავენ, რომ კახი კალაძე არის რეიტინგებში ერთ-ერთი პირველი. რატომ? იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვაკეთებთ ხარისხიანად, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებს. იქ, სადაც შესაქებია, ჩვენ გავდივართ და ვაქებთ იმ ადამიანებს, იმ კომპანიებს, მაგრამ იქ, სადაც შენიშვნაა საჭირო, არც ამას ვერიდებით, მათ შორის აეროპორტის გზაზე იყო გარკვეული ხარვეზები, მივდივართ და ვუთითებთ, ისევე, როგორც ვთქვათ, გუშინ მშრალ ხიდზე. არ გვაქვს ჩვენ ეს კომპლექსი და პრობლემა. ჩვენ ვითხოვთ ხარისხს, შესაბამისად, ამას ბოლომდე გავაკონტროლებთ. ეს არის, რომ ამათ აცოფებთ. თბილისი მოგეწონათ, რუსთაველის გამზირი, განათებები? მე ძალიან მომწონს. უმრავლესობას მოსწონს, რადგან ვცდილობთ, დედაქალაქის მცხოვრებლებს უფრო გავულამაზოთ ახალი წლის დღეები", - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.

 

ის გამოეხმაურა ასევე ოპოზიციის იმ კრიტიკას, რომელიც სოციალურ დახმარებაზე მცირე თანხების ხარჯვას ეხებოდა.

 

„ეს არის დაახლოებით 18-19 მილიონის ფარგლებში, რაც იხარჯებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში და იგივე არის, ცოტა, გარკვეული მატება გვაქვს. ამიტომ, სიცრუეს ტირაჟირებენ, მეტი არაფერი. ისევე, როგორც ინფრასტრუქტურის ნაწილში, კი არ არის შემცირება, არამედ მზარდია, ბიუჯეტის გაზრდაა. ამაზეა საუბარი, რომ არიან არაკვალიფიციურები, არაკომპეტენტურები და ამასთანავე, მატყუარები", - განაცხადა ზარქუამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner