logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია და გივი ჭიჭინაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფებოდნენ
- +

26 დეკემბერი. 2019. 17:48

 

18-22 დეკემბერს, მიგრანტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნიუ-იორკში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების: „დიასპორის სახლისა“ და საერთაშორისო ასოციაცია „ერთობის“ მიწვევით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია,  კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე და პარლამენტის წევრი თეიმურაზ ჭკუასელი. აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

 

18 დეკემბერს, ნიუ-იორკში, ქართული სათვისტომოების ინიციატივით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემებზე: „ქალი და მიგრაცია“ და „დიასპორული ინვესტიციები საქართველოში“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ აშშ-ის, კანადისა და ევროპის 4 ქვეყნის ათეულობით ქართული დიასპორული ორგანიზაციის, დიპლომატიური კორპუსის, ნიუ-იორკის მერიის, სამეცნიერო-აკადემიური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები. ღონისძიების ორგანიზატორი და იდეის ავტორი იყო  აშშ-ი მოღვაწე დიასპორელი - ინა ასანიძე, ხოლო კონფერენციას ასოციაცია ,,თვისტომის“ პრეზიდენტი ნიკოლოზ ჩხეიძე  უძღვებოდა.

 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. მან აშშ-ის ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს გამოჩენილი ინიციატივისთვის, ნიუ-იორკის მერიას,  საქართველოს გენერალურ საკონსულოს და  ვიცე-კონსულს ეკატერინე ნინუას მხარდაჭერისა და მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ასეთი სახის წარმომადგენლობითი სამეცნიერო კონფერენცია აშშ-ში პირველად ტარდება.

 

ბექა ოდიშარიას განცხადებით, განუზომლად დიდია ემიგრანტი ქალების როლი საზღვარგარეთ. გარდა იმისა, რომ ისინი ყოველდღიურ რუტინულ შრომაში არიან ჩაბმულნი და ამით ფინანსურად ეხმარებიან სამშობლოში დარჩენილ ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებს, ისინი, ამასთანავე, ახერხებენ მაქსიმალურად იაქტიურონ ქართული დიასპორის საქმიანობაში. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის,  დედა ენისა  და სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნების საქმეში.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ აგრეთვე აღნიშნა, რომ დიასპორული ინვესტიციების მოზიდვა საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნის სწრაფი და შეუქცევადი  ეკონომიკური ზრდა, საჭიროებს ბიზნესის განვითარებას, ინვესტირებას, ექსპორტზე საქონლის გატანას და ახალი ბაზრების იდენტიფიკაციას. ამ მიმართულებით კი, დიასპორას გადამწყვეტი როლი შეუძლია ითამაშოს. მისი განცხადებით, დიასპორელი ინვესტორი უფრო თამამია საინვესტიციო გადაწყევტილების მიღებაში, რადგან ბიზნესპარტნიორების მოძებნაც შეუძლია ადგილსამყოფელ ქვეყანაში და მათი ეფექტური დაკავშირებაც - ადგილობრივ ბიზნესთან საქართველოში.

 

კონფერენციის მიმდინარეობისას, ბექა ოდიშარიამ, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სახელით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები აღიარების სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

 

საპარლამენტო დელეგაციამ,  ვიზიტის ფარგლებში ასოციაცია ,,თვისტომის“ ოფისში,  გამართა შეხვედრა დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სადაც დეტალურად იქნა განხილული  ზოგადად ქართული დიასპორის და მათ შორის აშშ-ს ქართული დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევები, დიასპორული პოლიტიკის წარმოების აქტუალური საკითხები, ქართულ-ამერიკული ერთობლივი პროექტები სამეცნიერო, კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროებში.

 

აშშ-ში ვიზიტისას ასევე გაიმართა: საერთაშორისო ასოციაცია ,,ერთობა“- ს ბაზაზე არსებული, თეა კანდელაკის  ქართულ-ებრაული კულტურის ცენტრის კონცერტი;  თემურ ჭკუასელის, თეა კანდელაკისა და მაკა კვერენჩხილაძე-კარტეიზერის წიგნების პრეზენტაცია; შეხვედრა ქართული კულტურის ცენტრის - „ფესვები“ პედაგოგებთან, მშობლებთან და ანსამბლის წევრებთან.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner