„ვაჟა გაფრინდაშვილის დატყვევების პირველივე დღიდან ჩვენი ხელისუფლება, მთავრობა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ეს დღე, რაც შეიძლება, მალე დამდგარიყო“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიას განუცხადა.
„მე რეგიონში ვიმყოფებოდი ვიზიტად, რამდენიმე საწარმოს გახსნა გვაქვს დღეს დაგეგმილი და ამასობაში ეს სასიხარულო ამბავი შევიტყე. არ შემეძლო, აქ არ მოვსულიყავი და პირადად არ მენახა ვაჟა გაფრინდაშვილი. მინდა, მოგილოცოთ , მივულოცო სრულიად საქართველოს მისი გათავისუფლება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მის ოჯახს. მინდა გითხრათ, რომ მისი დატყვევების პირველივე დღიდან ჩვენი ხელისუფლება, მთავრობა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ეს დღე რაც შეიძლება, მალე დამდგარიყო. ძალიან დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული მიუხედავად ყველასთვის გასაგები სირთულეებისა და საბოლოო ჯამში, დაგვირგვინდა წარმატებით. ამასთანავე, მინდა გითხრათ, რომ ეს არის საუკეთესო პასუხი იმ ზოგიერთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანს, ვინც თითქოსდა უმოქმედობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას. შედეგი სახეზეა, შედეგი დადგა - ვაჟა გაფრინდაშვილი ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდება. გილოცავთ ყველას“, - განაცხადა თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ის ვაჟა გაფრინდაშვილს ესაუბრა და ასევე, მან უპასუხა კითხვას გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
„მე ვესაუბრე, რა თქმა უნდა. ვაჟა გაფრინდაშვილი ექიმია, ყველაზე ჰუმანური, მაგრამ ყველაზე ვაჟკაცური და ძლიერი პროფესიის წარმომადგენელი. თავს გრძნობს ნორმალურად, როგორც შეესაბამება მის მდგომარეობას და რაც მთავარია, ძალიან მალე თავის ოჯახთან ერთად იქნება“, - განაცხადა თურნავამ.
მან ასევე ისაუბრა სირთულეების შესახებ და უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რაიმე დათმობებზე წასვლა ხომ არ გახდა საჭირო გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.
„რა თქმა უნდა, პროცესი რთული იყო. როდესაც საქმე გვაქვს საოკუპაციო რეჟიმთან, ეს რა თქმა, ძალიან დიდ სირთულეებს შეიცავს, მაგრამ ეს სირთულეები წარმატებით იქნა გადალახული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი უცხოელი პარტნიორების, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა, ყველა გვერდში დაგვიდგა, მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან კოორდინირებულად და ეფექტურად იმუშავა ხელისუფლებამ და დადგა ეს დადებითი შედეგი. ყველაფერი გაკეთდა ისე, რომ ჩვენი მოსახლეობის, საქართველოს ინტერესები იყო დაცული, ჩვენი მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის ინტერესები დავიცავით და ის გათავისუფლებულია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.