„ბატონი ვაჟა ვნახე, ის ნორმალურად გრძნობს თავს, კარგად არის“, - ამის შესახებ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განუცხადა.
„პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ყველასთვის ძალიან სასიხარულო ამბავია, რომ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი არის თავისუფალი და ძალიან მალე შეხვდება ოჯახს.
ამ პროცესებში ჩართული იყო მთლიანად ხელისუფლება ძალიან ინტენსიურ რეჟიმში, ასევე საზოგადოება. დამატებით მეტი დეტალი მოგვიანებით იქნება ცნობილი. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, სახელმწიფოს, მეგობარს, ორგანიზაციას, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ჩართული გახლდათ იმაში, რომ მიღწეულიყო ვაჟა გაფრინდაშვილია გათავისუფლება“, - განაცხადა ციხელაშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რის საფუძველზე გათავისუფლდა ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან, ქეთევან ციხელაშვილმა ასე უპასუხა:
„აქ არანაირი დათმობაზე არაა საუბარი, რატომ გაათავისუფლეს კითხვა მგონია არასწორი, რატომ დააკავეს საერთოდ? რა ვრცელდება ოსური და რუსული მედიით ეს სხვა საკითხია, რაც მეორე ხარისხოვანია, მნიშვნელოვანია ის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი არის თავისუფალი და სწორედ ეს იყო ჩვენი მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ციხელაშვილმა.