„გავაკეთეთ ყველაფერი, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი სწრაფად გათავისუფლებულიყო“, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
„ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რათა გათავისუფლებულიყო ეს პიროვნება, ყველა ბერკეტი ამოქმედდა – ჩვენი საერთაშორისო კონტაქტები, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობა. ის ფორმატები, სადაც რუსეთის მხარესთან გვაქვს შეხვედრა. კერძოდ, პრაღაში მქონდა 28 ნოემბერს ამაზე საუბარი, შემდგომ ჟენევის ფორმატში. ყველაფერმა შედეგი გამოიღო. ჩვენ ამას ვაკეთებდით ზედმეტი პოლიტიკური აჟიოტაჟის გარეშე. თუ ახლაც ნაკლები პოლიტიკური აჟიოტაჟი იქნება, მგონი ზოგადად, უკეთესია. წინ გავიხედოთ, ბევრი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, მაგრამ საერთო ჯამში, ძალიან სასიხარულოა, რომ ბატონი ვაჟა გათავისუფლდა, დაუბრუნდება ოჯახს და ახალ წელს სახლში შეხვდება.
ყველა ბერკეტი იყო გამოყენებული. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენეთ, რათა სწრაფად მომხდარიყო მისი გათავისუფლება. მოვისმინეთ კომენტარები, კერძოდ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლებისაგან იმის თაობაზე, რომ ის ახალ წელს სახლში შეხვდებოდა. საჯაროდ გაკეთდა ეს კომენტარები და მართლაც, ასე მოხდა. ამას ჩვენ ვაკეთებდით ზედმეტი ხმაურის გარეშე. ზოგადად, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო ფაქტია“, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, დღეს გაათავისუფლეს.