დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა კომისიამ საზოგადოების, მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით ორ მაუწყებელს, სიძულვილის ენის გაღვივებისა და წახალისებისთვის მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად Ofcom-ი ავრცელებს, ბრიტანეთის მარეგულირებელი კომისიის კონტენტის სტანდარტის დირექტორი ტონი ქლოუზი ვრცლად მიმოიხილავს რა პრობლემატური საკითხები დაგროვდა ბოლო 10 წლის განმავლობაში Ofcom-ში ტელევიზიების მიმართ.
„თუ აღმოვაჩენთ, რომ მაუწყებელი არღვევს ჩვენს წესებს, ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ მათ დარღვევის აღმოფხვრაში, ან მოვითხოვოთ დარღვევის გამოსწორება. ასევე შეგვიძლია ჯარიმების დაკისრება. როდესაც მაუწყებლის მხრიდან დარღვევა უკიდურესად სერიოზულია ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება, სამაუწყებლო არხს ლიცენზია ჩამოვართვათ. მაგალითად, ბოლო წლებში Ofcom-მა გააუქმა ორი სამაუწყებლო ლიცენზია, ვინაიდან ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მაუწყებლის მხრიდან სიძულვილის ენის გაღვივებას“, - ამბობს ბრიტანეთის მარეგულირებელი კომისიის კონტენტის სტანდარტი დირექტორი ტონი ქლოუზი.
მისივე განცხადებით, Ofcom-ი საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უპირატესობას საზოგადოების, განსაკუთრებით კი ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვას ანიჭებენ.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ზუსტად იცოდეს, რა ისმის რადიო და სატელევიზიო პროგრამებიდან. ჩვენ კვლავ მოვისმენთ და რეაგირებას მოვახდენთ თითოეულ საჩივარზე, რათა დავიცვათ დიდი ბრიტანეთის აუდიტორია მავნე ზეგავლენისგან“, - აცხადებენ Ofcom-ში.
ტონი ქლოუზის განცხადებით, მიუხედავად ინტერნეტის წარმოუდგენელი ზრდისა, დიდი ბრიტანეთის მოსახლების ათიდან ცხრა ზრდასრული ადამიანი მაინც ტელევიზიას ანიჭებს უპირატესობას. შესაბამისად მაყურებელის და მსმენელის მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით Ofcom-ის გამოწვევაა მაუწყებლებს მაღალი სტანდარტი დაუწესონ.
„Ofcom-ის მოვალეობა სწორედ ეს არის - მოისმინოს შეხედულებები და შეფასებები, შემდეგ კი დაიცვას საზოგადოება მავნე და შეურაცხმყოფელი კონტენტისაგან. მიმდინარე წელს ჩვენ განვიხილეთ ტელე და რადიო მაყურებლების/მსმენელების 28000 საჩივარი და გადაცემების დაახლოებით 7000 საათი. წამოვიწყეთ 121 კვლევა და აღმოვაჩინეთ, რომ 55 შემთხვევაში დარღვეული იყო მაუწყებლობის წესები. საზოგადოებისთვის ყველაფერი რომ ნათელი იყოს, ყოველ წელს, ჩვენ განვმარტავთ რომელი პროგრამების მიმართ მივიღეთ ყველაზე მეტი საჩივარი.
იმისათვის, რომ უფრო მეტი ვიცოდეთ აუდიტორიის გრძნობებისა და დამოკიდებულების შესახებ, ჩვენ ადამიანების სხვადასხვა ჯგუფების რეგულარულ გამოკითხვას ვაწარმოებთ გაერთიანებული სამეფოს მთელ ტერიტორიაზე იმის თაობაზე, თუ რა დამოკიდებულება და მოლოდინი აქვთ მათ ტელევიზიისა და რადიოს მიმართ. ჩვენ ვიხილავთ მაყურებლებისა და მსმენელების თითოეულ საჩივარს. აღნიშნული საჩივრები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გვეხმარებიან, უკეთ გავიგოთ აუდიტორიის პრობლემები“, - აცხადებს Ofcom-ის კონტენტის სტანდარტის დირექტორი.
მისივე განცხადებით, თუ რომელიმე სატელევიზიო პროგრამა დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი კომისიის წესებს არღვევს, კომისია არ ელოდება მაყურებლის საჩივარს, ვინაიდან დარღვევის შემთხვევაში რეაგირებისთვის საჩივარი არ სჭირდებათ.
ვრცელ სტატიაში დიდი ბრიტანეთის კონტენტის სტანდარტი დირექტორი საჩივრებისა და დავების განხილვის დროს კომისიის მიდგომებსა და პრიორიტეტებზეც ამახვილებს ყურადღებას, Ofcom-ისთვის პრიორიტეტი სწორედ მაყურებელია.
„როდესაც საკითხებს განვიხილავთ, მთელ რიგ ფაქტორებს ვითვალისწინებთ. ვფიქრობთ სტანდარტებზე და იმაზე, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეთ მაყურებლებს კონკრეტული გადაცემისგან. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვითვალისწინებთ მაუწყებლების გამოხატვის თავისუფლებას და აუდიტორიის უფლებას, მიიღოს ინფორმაციის ფართო სპექტრი ყოველგვარი ჩარევისა და ცენზურის გარეშე. გადაწყვეტილების მიღებისას ეს ფაქტორებია უმნიშვნელოვანესი. როდესაც მაუწყებლის მხრიდან დარღვევა უკიდურესად სერიოზულია ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება, სამაუწყებლო არხს ლიცენზია ჩამოვართვათ. მაგალითად, ბოლო წლებში Ofcom-მა გააუქმა ორი სამაუწყებლო ლიცენზია, ვინაიდან ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მაუწყებლის მხრიდან სიძულვილის ენის გაღვივებას და ხელშეწყობას“, - აცხადებენ Ofcom-ში.
სიძულვილის ენის გაღვივებისთვის ლიცენზია ტელეკომპანია „აუსაფზე“ (Ausaf TV) და რადიო „იმანზე“ (Iman FM), გაუუქმდათ.