logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება და მავთულის კედლები დაიშლება
- +

28 დეკემბერი. 2019. 16:28

 

 

„ოკუპაცია გრძელდება, გადასასვლელი პუნქტების დაკეტვა, თუ მათი გაღება და ადამიანების უკანონოდ დაპატიმრება, კვლავ რჩება პრობლემად და ეს არის ოკუპაციის რეალური საერთო სურათი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„იმ ფაქტით, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდა თავი არ უნდა დავიმშვიდოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ოკუპაციის პროცესი რაიმე განსხვავებულ პოზიციაშია. ორივე რეგიონში ჩვენ ვხედავთ ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებას. ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, სადაც კონკრეტული პროგრამა შევიმუშავეთ და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ ადამიანებს ვუზიარებთ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ვუზიარებთ განათლებას, სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, რაც მიუთითებს, რა დამოკიდებულება გვაქვს ამ პრობლემის მიმართ. ასევე, მეორე მხრიდან , ჩვენ ვხედავთ კომუნიკაციის დაკეტვის მცდელობებს. ეს არის კონტაქტების შეზღუდვების მცდელობები, ეს არის უკანონო დაპატიმრებები , რაც მიუთითებს მათ დამოკიდებულებას ზოგადად მომავალის მიმართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება და ეს მავთულის კედლები აუცილებლად დაიშლება, იმიტომ, რომ ის არის დროის წინააღმდეგ და ის არის საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

ცნობისთვის, სააგენტო „რესი“ -ს ინფორმაციით, ცხინვალი 30 დეკემბრიდან 3 იანვრამდე ე.წ. საზღვარზე ერთადერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტს კეტავს.

 

ინფორმაციას ადასტურებენ სუს-ში და აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

„უკანონო შეზღუდვები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას“, - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner