„ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ ეს შედეგი, რაც შეიძლება სწრაფად დამდგარიყო“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რითაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა.
„მინდა, მივულოცო ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, ბატონ ვაჟას ის, რომ ერთად შეხვდებიან ახალ წელს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ძალიან გახარებულები ვართ. ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ ეს შედეგი, რაც შეიძლება სწრაფად დამდგარიყო. ჩვენ ავამოქმედეთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი, ყველაფერი რაც გაგვაჩნია საერთაშორისო კონტაქტების თვალსაზრისით. ჩართულნი იყვნენ ამაში ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რათა შედეგი სწრაფად დამდგარიყო. მე მქონდა საუბარი პრაღაში 28 ნოემბერს ამ პრობლემის თაობაზე, ჟენევის ფორმატი იყო მაქსიმალურად გამოყენებული და ამას ჩვენ ვაკეთებდით ზედმეტი აჟიოიტაჟის გარეშე. თუ ახლაც ნაკლები აჟიოტაჟი იქნება პოლიტიკური, ჩემი აზრით, ეს სწორი მიდგომა იქნება. ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ და, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა გვაქვს ჯერ კიდევ მოსაგვარებელი და ასეთი მშვიდი და საქმიანი მიდგომით, მე ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ სამომავლოდ ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.