„არ ვიცი, ახლა რა ტექნიკურ სიაზე მუშაობს ოპოზიცია, მაგრამ ვფიქრობ, ამ კონტექსტში, როდესაც საქართველოს დიდი საშინაო და საგარეო საკითხები აქვს გადასაჭრელი, საერთო ეროვნული ამოცანები გვაქვს და ქვეყანას აქვს ხელშესახები პროგრესი, ამ ტიპის სიებზე მუშაობა არ გამოიყურება სერიოზულად“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მან უპასუხა კითხვას ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით ტექნიკური სიის შედგენაზე არჩევნების წინ, რომ ისინი ყველა მაჟორიტარულ ოლქში ლიდერს დანიშნავენ.
„ჩვენ ჩვენი ტექნიკური სია უკვე გავაკეთეთ და საახალწლო მისალოცები დავუგზავნეთ ყველას, მათ შორის ოპოზიციის წევრებსაც. არ ვიცი, ახლა რა ტექნიკურ სიაზე მუშაობს ოპოზიცია, მაგრამ მე ვფიქრობ, ამ კონტექსტში, როდესაც საქართველოს დიდი საშინაო და საგარეო საკითხები აქვს გადასაჭრელი და საერთო ეროვნული ამოცანები გვაქვს, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ, და ასევე, საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი, რომელსაც სჭირდება მომავალში კიდევ უფრო გაძლიერება, ამ ტიპის რაღაც სიებზე მუშაობა არ გამოიყურება სერიოზულად, რბილად რომ გითხრათ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე უპასუხა კითხვაზე, მისი აზრით, ექნებათ თუ არა ოპოზიციონერებს არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი მაჟორიტარულ ოლქებში ლიდერების დაყენების შედეგად.
„თუ მათ ჰყავთ ლიდერები, ვისაც ენდობა ხალხი, რა თქმა უნდა, დემოკრატიულ არჩევნებში ჩვენ შევქმნით რეალურ შესაძლებლობას, რომ საზოგადოებამ და მოქალაქეებმა თავისუფალი არჩევანი გააკეთონ. სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ერთ ნაწილში ოპოზიცია ამბობს, რომ მათ აქვთ ნდობა, რეიტინგი და ხალხის მხარდაჭერა, მეორე ნაწილში კი, როდესაც ვეუბნებით, რომ მოდით, ეს ყველაფერი გამოვცადოთ არჩევნებით, მათ ეს არ უნდათ, და არ უნდათ გააკეთონ მაჟორიტარულ ოლქებში. ამიტომ, ვფიქრობ, დიალოგი, რომელიც დაგეგმილია იანვრის თვეში, ჩვენ დაგვეხმარება, რომ უფრო მეტად ვიპოვოთ ის წერტილები, სადაც შეთანხმება შესაძლებელია“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციის ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ 2020 წელს ოპოზიცია ერთი ტექნიკური სიით გამოვიდეს. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ეს შესაძლოა იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით არ ჩატარდება.