logo_geo
eng_logo
მეუფე იაკობი ვაჟა გაფრინდაშვილზე: რამდენიმეჯერ სიცოცხლეს გადამარჩინა, ხეიბარი რომ არ გავხდი, მისი დიდი დამსახურებაა
- +

29 დეკემბერი. 2019. 12:37

 

„ამ ფსიქოზმა რაც პოლიტიკოსების ერთმანეთში არასწორმა ურთიერთობებმა გამოიწვია ზოგიერთის გონებაში გააჩინა აზრი, რომ შეიძლება ვაჟა გაფრინდაშვილი პროვოკაციაზეც კი წავიდა“, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ბოდბის ეპარქიაში, ქადაგების დროს განაცხადა და ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა.

 

„მინდა შევეხო საკითხს, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა. ხელისუფლება, ოპოზიცია თუ სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ერთად ვფიქრობდით, რომ ვაჟა უნდა გათავისუფლებულიყო. როდესაც ვაჟას შეემთხვა ეს ამბავი, მალევე წავედით ოფიციალური ვიზიტით უცხოეთში ჩვენს სასულიერო პირებთან ერთად და კარგად ვხედავდი, თუ როგორ იღწვოდა ჩვენი ხელისუფლება უცხოეთში ამ შემთხვევაში ევროპაში, ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში. რაც შეეძლოთ ყველაფერს აკეთებდნენ. ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან პირადი ურთიერთობებით თუ შეეძლოთ სიკეთე გაეკეთებინათ, ყველა აკეთებდა და არ მინახავს ისეთი ადამიანი, რომ ამის წინააღმდეგ წასულიყო“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

მეუფე იაკობის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს და რამდენიმეჯერ სიკვდილსაც კი გადაარჩინა.

 

„ვაჟა და მე დიდი ხანია ვმეგობრობთ. მისი ოჯახი ჩემთვის მნიშვნელოვანი ოჯახია მასთან ბევრი ჭირი თუ ლხინი მაქვს გადატანილი. რამდენიმეჯერ სიცოცხლეს გადამარჩინა, ფიზიკურად ხეიბარი რომ არ გავხდი, ამაში ვაჟას დიდი დამსახურებაა. ისეთი უთქმელი კაცია, როგორც პროფესიონალი ექიმი ბევრი იცნობდა, მაგრამ უფალმა ინება და ის სხვა სახით წარმოადგინა, იმ სახით, რაც სინამდვილეში იყო. ეს ჩუმი და წყნარი კაცი უცბად სამაგალითო გახდა ყველა ქართველისთვის. ძალიან ძნელია, როდესაც კეთილ საქმეზე მიდიხარ და შენს ტერიტორიაზე დაგაკავებენ. ვიღაცას თუ თავი არ გაუწირავს სხვისთვის, ის ვერასდროს გაიგებს როგორ შეიძლება გადახვიდე იქ, სადაც შეიძლება დაგიჭირონ. ამ ფსიქოზმა, რაც პოლიტიკოსების ერთმანეთში არასწორმა ურთიერთობებმა გამოიწვია, ზოგიერთის გონებაში გააჩინა აზრი, რომ შეიძლება ვაჟა გაფრინდაშვილი პროვოკაციაზეც კი წავიდა. მე მჯერა, რომ ვაჟას არავის მსგავსი ნათქვამი არ ეწყინება იმიტომ, რომ ის დიდსულოვანი ადამიანია. მერწმუნეთ არც ერთი სკამი არ ღირს ჩაჭიდებად, სჯობს ვიფიქროთ ქვეყანაზე და ჩვენს ახალგაზრდობაზე“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

 

ცნობისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან 28 დეკემბერს გათავისუფლდა.

 

შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner