ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მადლობა მოჭიდავეებს გადაუხადა.
„არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მოჭიდავეებს. გუშინ მეღიმებოდა, ვისმენდი და ყველას სურდა თავის თავზე ეთქვა, რომ მე გავათავისუფლე. მერწმუნეთ, მთელმა საქართველომ და მსოფლიომ გაათავისუფლა. ამის დამალვა არ შეიძლება. წინა ქადაგებაზე მე ვთქვი, რომ გამიხარდებოდა თუ ოსები გაათავისუფლებდნენ. მოვუწოდეთ, ჩვენი შეისმინეს, ერის შეისმინეს და ოსებიც ჩარეულები იყვნენ იმ დღიდან. მეგობარი არასდროს მიმიტოვებია და ვაჟას ისედაც გამოვიხსნიდით. მთელმა ერმა გამოიხსნა და ნურავინ ნუ დაიბრალებს. მადლობა განსაკუთრებით მოჭიდავეებს და ოს მოჭიდავეებს, იცის თავად ვიზეც ვამბობ, თავად ბიბილოვმაც იცის ვისზეც ვამბობ. ღმერთმა დალოცოს ის ხალხი იმიტომ, რომ ვაჟას იქ ყურადღება არასდროს არ მოკლებია. თავიდან თავის ნაცნობი ექიმი დაუდგა გვერდში. მიკროფონთან ყველაფრის თქმა არ შემიძლია, ბევრად მეტი ვიცი - როდის უშვებდნენ ისიც ვიცოდი“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.