საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ვერ ასახელებს კონკრეტულ ვადას, როდის შემოვა პირველი გემი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.
„მე, რა თქმა უნდა, ვერ დავდებ პირობას, როდის შემოვა პირველი გემი ანაკლიის პორტში. სამწუხაროდ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ჯერ კიდევ 2019 წელს ირწმუნებოდა, რომ 2020 წელს შევა გემი და თქვენ გახსოვთ, ჩემი პარლამენტში გამოსვლის დროსაც, როდესაც მე გამოვთქვი ეჭვი ვადებთან დაკავშირებით, მაშინაც საკმაო კრიტიკა გამოიწვია „ანაკლიის კონსორციუმის“ მხრიდან, თუმცა, დღეს ვხედავთ რა რეალობაც არის.
რაც შეეხება პირობას, „ანაკლიის კონსორციუმისგან“ განსხვავებით მე არ ვდებ არარეალურ პირობებს და მითუმეტეს იმ პირობებს, რომლის განხორციელებაზე კონტროლი არ არის ჩემს ხელში.
როგორც უკვე გითხარით, დავიწყებთ სატენდერო პირობების მომზადების პროცესს, გამოვაცხადებთ ტენდერს, ერთად ვიხილავთ, საჯაროდ და როგორ განვითარდება მოვლენები ამ პროექტთან დაკავშირებით, ვინ იქნება ინვესტორი, რომელი ინვესტორების მხრიდან იქნება გამოთქმული ინტერესი. ბუნებრივია, მერე ინვესტორის მხრიდან მოვისმინოთ პირობა, რომელიც იქნება ახალ საინვესტიციო ხელშეკრულებაში გათვალისწინებული, სადაც გაწერილი იქნება ვადები და შესაბამისი ფინანსური გარანტიები, რათა ყველანი ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ამჯერად ანაკლიის პროექტი იქნება უფრო წარმატებული, შემდგომ ფინანსურად უფრო ძლიერ ინვესტორთან, ვიდრე სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა ამ შემთხვევაში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.