logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ხაზარაძე გულთმისანი ხომ არ არის? 2019 წლის მშპ „საქსტატს“ ჯერ არ დაუთვლია და 2017 წელს როგორ შეადარა
- +

9 იანვარი. 2020. 14:19

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

როგორც ექსპერტი წერს, მამუკა ხაზარაძეს მხოლოდ პოლიტიკური ოპონირების სურვილი ამოძრავებს, თეთრზე შავი თქვას და რეალური სურათი დაამახინჯოს.

 

„საქართველოს ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მომავალი ხუთი წლის (2020-2024) განმავლობაში ევროპაში ყველაზე მაღალი ტემპით გაიზრდება. ძალიან სამწუხაროა, რომ მამუკა ხაზარაძეს მხოლოდ პოლიტიკური ოპონირების სურვილი ამოძრავებს, თეთრზე შავი თქვას და რეალური სურათი დაამახინჯოს.

 

სხვაგვარად როგორ უნდა აიხსნას ის განცხადება, რომელიც მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა.

 

პასუხი ტყუილზე #1 - როდესაც ხაზარაძე ურცხვად ტყუოდა, ეტყობა, „გამორჩა“, რომ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემები 2019 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა, რის შედეგადაც მთლიანი შიდა პროდუქტის დონე 8.6 პროცენტით გაიზარდა, საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილება ამ დროისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკურ წყაროებში ჯერ კიდევ არ არის ასახული, მაშინ, როდესაც რეგიონის ქვეყნებმა, მათ შორის აზერბაიჯანმა, სომხეთმა, მოლდოვამ, ბელარუსმა, უკრაინამ და სხვა, იგივე მეთოდოლოგიური ცვლილება საქართველოზე რამდენიმე წლით ადრე განახორციელეს, რომლის შედეგადაც მათი მშპ-ის მოცულობა წინა მეთოდოლოგიით დათვლილთან შედარებით გაიზარდა - რაც უკვე ასახულია საერთაშორისო სტატისტიკურ მონაცემებში. შესაბამისად, საქართველოსა და სხვა ქვეყნების სტატისტიკური მონაცემების შედარება მხოლოდ ამ წყაროებზე დაყრდნობით, სანამ არ მოხდება მეთოდოლოგიური ცვლილების მონაცემებში ასახვა - არ არის მიზანშეწონილი.

 

პასუხი ტყუილზე #2 - ხაზარაძე თუ გულთმისანი არ არის, 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტი „საქსტატს“ ჯერ არ დაუთვლია, ამდენად, 2019 წელს 2017 წელს ჩვენ ვერ შევადარებთ. მაგრამ ყველაზე კონსერვატიული დაშვებით, რომ მეოთხე კვარტალში მშპ-ს რეალური 5%-იანი ზრდა დაფიქსირდება (ოქტომბერში რეალური ზრდა 5.7%, ხოლო ნოემბერში 6.4% იყო) საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე 2019 წელს 4696.4 აშშ დოლარი იქნება. ვიმეორებ, საუბარია ყველაზე კონსერვატიულ სცენარზე და ამის მიხედვითაც საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი იქნება 4696,4 აშშ დოლარი, რაც მეტია სომხეთის ანალოგიურ მაჩვენებელზე - 4528 აშშ დოლარი, რომელიც შედარებადი არ არის მეთოდოლოგიური ცვლილების გამო.

 

პასუხი ტყუილზე #3 - საქართველო ეკონომიკური ზრდის საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზის მიხედვით, რეგიონში და ევროპაში პირველ ადგილზეა - სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი მომავალი ხუთი წლის (2020-2024) განმავლობაში, ევროპაში ყველაზე მეტად გაიზრდება, ხოლო ზრდის საშუალი მაჩვენებელი 4.9 პროცენტი იქნება, რაც აჭარბებს როგორც სომხეთის (4.6 პროცენტი), ისე აზერბაიჯანის (2.2პროცენტი), უკრაინის (3.2 პროცენტი), თურქეთის (3.2 პროცენტი), რუსეთის (2.0 პროცენტი) და ბელარუსის (0.02 პროცენტი) ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს. როგორც ჩანს, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში სასამართლო პროცესის გადამწყვეტ ფაზაში შესვლასთან ერთად, როდესაც პროკურატურა ფულის გათეთრებისა და ფინანსური თაღლითობის ბრალდებით ედავება არც მეტი და არც ნაკლები 17 მილიონის ტრანზაქციას! პროცესის წაგების შიშით ხაზარაძე მისთვის დამახასიათებელი, მორიგი ახლა უკვე სასამართლოს ეზოში დადგმული იაფფასიანი პერფომანსებით გადაფარვას ცდილობს და წარმატებით აგრძელებს „ნაცმოძრაობისა“ და მასთან აფილირებული ოპოფლანგის სიცრუესა და დემაგოგიაზე აგებულ პოლიტიკას, რომლის მიზანიც ხელისუფლების დისკრედიტაციაა. მაგრამ ესეც რომ მორიგი იაფფასიანი სპეკულაციაა, და საერთო არაფერი აქვს რეალობასთან, მოყვანილი მაჩვენებლებითაც დასტურდება“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

ინფორმაციისთვის, დღეს მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ „ჩვენ რეგიონში უკვე დავკარგეთ ეკონომიკური პოზიცია. რა თქმა უნდა, გვახარებს ჩვენი მეზობელი ქვეყნების, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმატება, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, სად ვიმყოფებით ჩვენ. 2013 წელს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ იყო 4 341 დოლარი. იმავე წელს სომხეთის შემოსავალი იყო 3 732 დოლარი. დაახლოებით 600 დოლარით წინ ვიყავით ჩვენს მეზობელზე. 2019 წელს ვითარება შეიცვალა – საქართველო უკვე 250 დოლარით ჩამორჩება ჩვენი მეზობელი ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჩერებულია. გარდა ამისა, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საქართველოში შიდა და საგარეო ვალი გაიზარდა, მიაღწია 22,5 მილიარდ ლარს“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner