„მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ ორი საკითხი, რომლებიც შეეხება საქართველოს ინტერნეტიზაციას - ეს არის ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს არამხოლოდ ინფრასტრუქტურის შექმნას, არამედ ზოგადად, საქართველოს, როგორც ციფრული და საინფორმაციო ჰაბის სახით ჩამოყალიბებას რეგიონში“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია სამიზნე მაჩვენებლები, რომლებიც ითვალისწინებს 2025 წლამდე მოსახლეობის უდიდესი ნაწილის, ასევე ორგანიზაციების მაღალსიჩქარიან, ხარისხიან ინტერნეტზე წვდომას, ასევე ცოდნისა და უნარების ამაღლებას, მათ შორის დასაქმების ზრდასაც.
„მეორე საკითხი, რომელიც მთავრობას წარვუდგინეთ, არის საქართველოს ფართზოლოვანი ინტერნეტქსელის მშენებლობის პროექტის განმახორციელებელი ღონისძიებების გეგმა. მისი მთავარი პრინციპი არის ის, რომ სახელმწიფო ააშენებს ქსელს იქ, სადაც ამის სურვილი და გეგმა არ გააჩნია კერძო სექტორს ანუ არ შევდივართ მათთან კონკურენციაში, პირიქით, მათთვის ურთიერთშემვსები იქნება ჩვენი საქმიანობა. ასევე, ჩვენი ახალი გეგმით, ძალიან მკაფიოდ განისაზღვრა პასუხისმგებლობები და ვადები, თუ ვინ რას აკეთებს იმისთვის, რომ უკვე 2020 წელი იყოს ამ პროგრამის აქტიური განხორციელების ფაზა“, - აღნიშნა მინისტრმა.