ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ქვეყანა. იმ ქვეყანას ისეთი აფრაკი მეფე ჰყავდა, თუკი რამეს დაიჟინებდა, აუცილებლად უნდა გაეკეთებინა.
ერთხელ ამ მეფემ გადაწყვიტა, თავისი ვეზირი ელჩად გაეგზავნა ნავთობის ქვეყანაში.
ვეზირს არც დიპლომატიური განათლება ჰქონდა და არც გამოცდილება, მაგრამ აფრაკ პირველის ნებას ვინ გადავიდოდა.
მოიწვიეს დიდი კრება და ერთხმად დაამტკიცეს ვეზირი ელჩად.
აფრაკ პირველი რისი აფრაკი იქნებოდა, ნავთობის ქვეყნის მეფის აზრით დაინტერესებულიყო.
ჰოდა, ეს ელჩად განწესებული ვეზირი დიდხანს ელოდა ნავთობის ქვეყნის მეფის თანხმობას, მაგრამ არ მოუვიდა.
როცა აფრაკ პირველი დაინტერესდა, ეს კაცი ნავთობის ქვეყანაში რატომ არ მიდისო, მაშინღა შებედეს ქვეშევრდომებმა, ნავთობის მეფეს არ ნებავს მისი მიღებაო.
აფრაკ პირველი სიბრაზისგან გალურჯდა, - არა, რატომო.
მოახსენეს, ამ ჩვენ ვეზირს დიდი მთის ხალხის სისხლი ურევია, წინაპარი ჰყოლია იმათი მოდგმისა და ეს რომ ნავთობის ქვეყანაში გაიგეს, უარი შემოთვალესო.
ჰოდა, იმ აფრაკ პირველის სექტანტები ახლა დათო გომართელის იტალიაში საქართველოს საელჩოში კულტურის საკითხებში მრჩევლად დანიშვნაზე რომ ქილიკობენ, ეს თავიანთი დაწუნებული ელჩიც გაიხსენონ.
ბოლოს და ბოლოს, იტალიელებს დათოს გვარის წარმოთქმა მაინც არ გაუჭირდებათ - GOMARTELI“, - წერს მძინარაშვილი.