logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: ყველამ დაანებოს თავი ქვეყნის უსაფრთხოებაზე დასმული ნებისმიერი შეკითხვის გასაღებას პრორუსულობის ინდიკატორად
- +

10 იანვარი. 2020. 14:59

 

„ყველამ დაანებოს თავი ქვეყნის უსაფრთხოებაზე დასმული ნებისმიერი შეკითხვის გასაღებას პრორუსულობის ინდიკატორად, ამის თქმა მსურდა მხოლოდ“, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ „ინტერპრესნიუსს“ მის იმ ინტერვიუსთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც მამუკა ხაზარაძეს, ანაკლიის პორტს და რუსულ საფრთხეებს ეხებოდა.

 

მისივე თქმით, რუსულ საფრთხეებზე მინიშნების უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს და ამაზე საუბარი არ ნიშნავს იმას, რომ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე და შეუსრულებელი ვალდებულებები გამოგონილია.

 

„მე რისი თქმაც მინდოდა, გახლავთ ის, რომ ბატონ მამუკას არგუმენტად ის არ გამოადგება, რაზეც საუბრობს, რომ მას ვინმემ მიანიშნა თავის დროზე, რომ შეიძლება პროექტს ჰქონდეს გარკვეული ტიპის საფრთხეები. ამის უფლება საქართველოში აქვს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ფიქრობს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ამის თქმა იმას არ ნიშნავს, რომ გამოგონილია ის შეუსრულებელი ვალდებულებები, რომელიც მას აქვს და არ არსებობდა ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ არის აღძრული. მე უბრალოდ მინდოდა ხაზი გამესვა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ამ ქვეყანაში ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით ნათქვამი ნებისმიერი მოსაზრების თუ ფრაზის გამოყენება პრორუსულობის ერთადერთ ინდიკატორად, მნიშვნელობა არ აქვს, ივანიშვილი იქნება ეს თუ სხვა. ეს დიალოგი იმ შინაარსით, თუ ეს შედგა ისე, როგორ არსებობს, ეს არ არის პრორუსულობის ინდიკატორი. ის თვითონ ასახელებს დიალოგს მას და ივანიშვილს შორის და მე ამ დიალოგის ინტერპრეტაცია გავაკეთე, რომ ამ დიალოგზე აგება იმის, რასაც ცდილობს, რომ მთელი ხელისუფლება არის პრორუსული, არის აბსოლუტურად მცდარი მოსაზრება და არ მინდა, ამას მიეცეს განვითარება. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე არ მისაუბრია მის შეუსრულებელ ვალდებულებებზე და მის წინააღმდეგ საქმე თითიდან გამოწოვილი სულაც არ არის. ეს არის სამი სხვადასხვა რამე. ყველამ დაანებოს თავი ქვეყნის უსაფრთხოებაზე დასმული ნებისმიერი შეკითხვის გასაღებას პრორუსულობის ინდიკატორად, ამის თქმა მსურდა მხოლოდ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

 

კითხვაზე, მისი ამ განცხადებების შემდეგ საუბარი ჰქონდა თუ არა კოლეგებთან და რამდენად მოეწონათ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რომან კაკულია ამბობს, რომ შესაძლოა, ყველას არ სურდა, საჯაროდ ასეთი აზრი გამოთქმულიყო.

 

„შესაძლებელია, ეს არ არის ის აზრი, რომელიც ყველას უნდოდა, რომ საჯაროდ გამოთქმულიყო, მაგრამ მე გამოვთქვი ეს აზრი მამუკას გამონათქვამის ერთ ნაწილთან დაკავშირებით და ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვიზიარებ იმას, რაც იყო გამოთქმული თუნდაც ქალბატონი მაიას მიერ ან სასამართლოში, ეს პროცესები არის, მაგრამ ეს არ არის წამყვანი ამ თემაში. პროექტი ამის გამო არ გაწყვეტილა. ამ მოსაზრებას არსებობის უფლება ჰქონდა, მაგრამ ვერ შესრულდა ვალდებულებები“, - აცხადებს რომან კაკულია.

 

მისივე თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებული რუსული საფრთხეები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებში წამყვანი ფაქტორი არ ყოფილა და

 

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები და სისხლის სამართლის საქმე თითიდან გამოწოვილია“.

 

„ამ საქმეებთან დაკავშირებით არ მაქვს კითხვები, ვთვლი, რომ დანაშაული ჩადენილი იყო, მე ვთქვი, რომ რაც შეეხება კვალიფიკაციას, ამაზე იურისტებმა შეიძლება იმსჯელონ, ჰქვია ამას ფულის გათეთრება თუ არა. ჩემი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ დამთავრდეს ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეკითხვების დასმის პრორუსულობად გასაღება“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

 

ცნობისათვის, გუშინ რომან კაკულიამ განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ვერ გათვალა საგარეო საფრთხეები. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ანაკლიის პორტს ხელი რუსული საფრთხის გათვალისწინებით შეუშალა.

 

„რატომ დაეტაკა ხელისუფლება მამუკა ხაზარაძეს? მეც მიკვირს ეს. ჩემი აზრით, იმიტომ დაეტაკა, რომ თუ მან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ვერ გააკეთა სწორი ორიენტირი, ან მისი ხედვა თუ არ დაემთხვა, ეს მისი პრობლემაა, რა თქმა უნდა… მე გეუბნებით პირდაპირ, რომ ამ ნარატივში – ბიძინა ივანიშვილი არის თუ არა რუსული პროექტი თუ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არის ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე – მე ვდგავარ იმ ადამიანების მხარეს, ვინც ფიქრობენ, რომ ეს არის რუსეთის საფრთხის თავიდან აცილების პოლიტიკა“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner