„აფხაზეთში პრობლემის თავი და თავი ოკუპაციაა და საოკუპაციო რეჟიმის ინტერესი, რომ არ განვითარდეს ეს მხარე და დარჩეს ასე ბოლომდე მოსკოვზე დამოკიდებულ სისტემად“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„დაპირისპირებული მხარეები არანაირად არ გამოხატავენ რაიმე კანონიერ პოზიციას, ეს არის უკანონო არჩევნები და მის ფორმატში ერთმა ჯგუფმა გამოხატა უკმაყოფილება მეორე ჯგუფის მიერ არჩევნების გაყალბების თაობაზე. ეს პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს და მწვავე ვითარებაში გადავიდა.
აფხაზეთს და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი განვითარების საშუალება. ასეთი არ არსებობს, ასეთი მძიმე მდგომარეობა, რაც აფხაზეთშია შექმნილი, არ ყოფილა მისი ოკუპაციის პერიოდიდან მოყოლებული არც ერთი დღე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ სოხუმში უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. ოპოზიციის მომხრეები დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში გუშინ შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები რაულ ხაჯიმბას გადადგომასა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვენ.