14 იანვარს სახელმწიფო დროშის დღეს ყველამ გადმოვკიდოთ დროშა აივნებზე – ამ ინიციატივის შესახებ დღეს მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილმა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერმა რუსუდან თევზაძემ ისაუბრეს.
იდეის ავტორები ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და მედიაჰოლდინგ „კვირას“ დამფუძნებელი ქეთი ხოსიტაშვილი არიან.
როგორც გოგა ჩანადირმა აღნიშნა, სახელმწიფო დროშის დღე ფართოდ და აქტიურად უნდა აღინიშნებოდეს.
„როგორც იცით, 14 იანვარი არის ქართული თეატრის დღე და ასევე არის საქართველოს ეროვნული დროშის დღე, რომელსაც 2012 წლიდან აღვნიშნავთ. ჩვენი სურვილია, ყველგან, ყველა დაწესებულებაში, ყველა აივანზე, ყველას გულში ფრიალებდეს საქართველოს ეროვნული დროშა. იმ ქვეყანაში, სადაც დროშას უფრთხილდებიან, პატივს სცემენ, სადაც ის გაიგივებულია ღირსებასთან, სახელმწიფოსთან, ეროვნული დროშის დღე უფრო ფართოდ, აქტიურად უნდა აღინიშნებოდეს, უფრო მეტად უნდა ჩანდეს ყველგან. ჩვენ, ვინც აქ ვართ და ასევე ვახსენებდი ქეთი ხოსიტაშვილს, გვსურს, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსება, საქართველოს ეროვნული დროშა ფრიალებდეს ყველგან, მთელს საქართველოში.
თუ დროშას არ გრძნობ, ვერ მოიპოვებ გამარჯვებას, თუ დროშას არ განიცდი, არ გექნება სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეულმა ჩვენგანმა შევიგრძნოთ, განვიცადოთ და დავაფასოთ ჩვენი ეროვნული სიმბოლო . ამიტომ, გვინდა, ყველას აივანზე გადმოიფინოს საქართველოს ეროვნული დროშა“, – განაცხადა ჩანადირმა.
ინიციატივას ეროვნული ბიბლიოთეკაც უერთდება. მირიან ხოსიტაშვილის თქმით, ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზს ეროვნული დროშის დარბაზს უწოდებენ.
„დროშის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ ეროვნული სიმბოლიკიდან რამე გაგვაჩნია მთავარი, ჩვენი ეთნიკური თვითშეგნებისთვის არის მნიშვნელოვანი, ეს არის სწორედ ეროვნული დროშის პატივისცემა. ჩვენ, ალბათ, გვინახავს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოქალაქეებს როგორ აქვთ აივნებზე გადმოფენილი ეროვნული დროშები. ეს არის ქვეყნის მიმართ პატივისცემა.
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უერთდება ამ აქციას. ეროვნულ ბიბლიოთეკის შენობაზე უკვე დიდი ხანია გადმოფენილია ეროვნული დროშა. ჩვენ არ ვართ სახელმწიფო უწყებების იმ რიგში, რომელთაც კანონით ევალებათ ეროვნული დროშის გამოფენა, მაგრამ ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, რომ ჩვენს ყველა შენობაზე დროშები გამოვფინოთ. ასევე საქართველოს ყველა საჯარო ბიბლიოთეკას მოვუწოდებთ, რომ გამოფინონ ეროვნული დროშები.
2004 წელს, როცა ეროვნული დროშის დამტკიცებაზე მიდიოდა მუშაობა, სწორედ ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში იყო ამაზე მსჯელობა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზს ვუწოდოთ ეროვნული დროშის დარბაზი და იქ ეროვნულ სიმბოლიკასთან დაკავშირებით ექსპოზიცია იყოს მოწყობილი“, – განაცხადა მირიან ხოსიტაშვილმა.
აღნიშნულ ღონისძიებაში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიც ერთვება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის ინიციატივა, რომელიც წარმოადგინეს ბატონებმა. 14 იანვარი, ეროვნული დროშის დღეა. ასევე ვისარგებლებ შემთხვევით, გარდა ამ მნიშვნელოვანი თარიღისა, წინასწარ მივულოცავ საქართველოს ქართული თეატრის დღეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ისევე, როგორც დროშა, რომელიც არის ქვეყნის სახელმწიფოებრივი გამოხატვის და ღირსების ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ასევე ქართული თეატრი, ვფიქრობ, ის ღირსეული მოცემულობაა, რომელიც ყოველთვის, ყოველ ჯერზე, დროსა და სივრცეში წარმოაჩენდა საქართველოს მსოფლიო მასშტაბით.
ახლა რაც შეეხება იმას, თუ რატომ უერთდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ ინიციატივას. ეს თარიღი ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და კიდევ უფრო არსებითია უნივერსიტეტებისთვის, ვინაიდან უნივერსიტეტი გახლავთ ის სოციალური სივრცე, სადაც სწავლა- სწავლების პროცესის გარდა, აუცილებელია ხდებოდეს ახალგაზრდა, მომავალი თაობის სამოქალაქო ცნობიერების და სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბება. დროშა ყველა სხვა სიმბოლიკასთან ერთად არის ის ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ამ მოცემულობას ნამდვილად ქმნის . შესაბამისად დიდი სიხარულით ვუერთდებით ამ ღონისძიებას და ბუნებრივია, ჩვენს ინსტიტუციაზე დროშას აღვმართავთ. ჩვენი უნივერსიტეტი მოუწოდებს სხვა ყველა საჯარო, თუ კერძო უნივერსიტეტს, ჩაერთონ ამ აქციაში“, – განაცხადა რუსუდან თევზაძემ.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები არიან საინფორმაციო სააგენტოები: „პია“, „პრაიმ ტაიმი“ „რეპორტიორი“, „ფრონტ ნიუსი“ .
თამუნა შეყილაძე