„არ იქნება რაციონალური, არც საერთაშორისო პარტნიორებთან ვიქნებით მართლები, რომ კიდევ ახალი მოსამართლეების არჩევა დავიწყოთ და გავამწესოთ ისინი“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტში გადაგზავნილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, ეუთო/ოდირის რეკომენდაცია ასეთია, საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები ასეთი იყო და ძალიან საყურადღებოა ეს რეკომენდაციები იმის შესახებ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტმა აღარ აირჩიოს მოსამართლეები. თუმცა, არის კანონით დადგენილი პროცედურა და მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ავტომატურად გაგრძელდა. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, მოქმედი პარლამენტი მოკლებულია არა კანონისმიერ, არამედ, ზოგადად შესაძლებლობას, რომ კიდევ აირჩიოს დამატებით მოსამართლეები.
ასევე, ვფიქრობ, რომ რესურსი იმისა, ჩვენ დავარწმუნოთ საერთაშორისო საზოგადოება, რომ ჩვენ უმეტესწილად გავითვალისწინეთ რეკომენდაციები, მაგრამ ჩვენ ახლა უნდა შევავსოთ ამ მოწვევის პარლამენტმა უზენაესი სასამართლო მთლიანად, არ არსებობს და რესურსზეც არ არის საუბარი, ამის ნება ჩვენი მხრიდან არ არსებობს.
ასე ხელაღებით არ შეიძლება ვთქვათ, რომ პროცესი ფორმალურია და ადამიანი, რომელიც მოდის გასაუბრებაზე, აუცილებლად ჩავარდება მისი კანდიდატურა, მაგრამ თუ გნებავთ, ასე მიიღეთ ჩემი მინიშნებაც, რადგან ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ კიდევ მეტი რაოდენობა შესაძლებელია ავირჩიოთ უზენაეს სასამართლოში ამ მოწვევის პარლამენტმა, რადგან ჩვენ ვთქვით და იქ დავასრულეთ ამაზე საუბარი, სადაც ოპტიმალურ რაოდენობაზე იყო მინიშნება, რომ კოლეგიები ორ-ორი მაინც თითო პალატაში უნდა დაკომპლექტებულიყო. ეს რაოდენობა ამ წუთას საქართველოს უზენაეს სასამართლოში არის და ამ ეტაპზე საკმარისია. ვფიქრობ, არ იქნება რაციონალური, არც საერთაშორისო პარტნიორებთან ვიქნებით მართლები, რომ კიდევ დავიწყოთ ახალი მოსამართლეების არჩევა და გავამწესოთ ისინი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.