„ევროპული საქართველოს“ პარტიულ ოფისთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინცინდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. როგორც ორგანიზაცია „გადავარჩინოთ სიცოცხლე“-ს სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი აცხადებს, მას და მის მეგობრებს „ევროპული საქართველოს“ ოფისთან, პერფორმანსის გამართვა სურდათ, რომელსაც ერთადერთი ადრესატი, ოთარ კახიძე ჰყავდა.
აქციის მონაწილეებმა პარტიის ოფისთან ოთარ კახიძის გამოსახულებიანი სტიკერები მიიტანეს, წარწერით: „მატყუარა ოთარ კახიძე ემიგრანტებს ებრძვის“.
შაკო კუჭაშვილის თქმით, კახიძის მიმართ პროტესტის ასეთი ფორმით გამოხატვა კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დეპუტატმა ერთ-ერთ ტელევიზიაში, გიორგი გახარიას მხარდასაჭერ ვიდეოში მონაწილე ემიგრანტებს დაქირავებულები და „ბათუმელი მესაფლავეები“ უწოდა.
„ეს ადამიანები, ჯერ არ არიან ხელისუფლებაში და ნახევარი საქართველო „ჩორნი სპისოკებში“ ვყავართ. ოთარ კახიძემ მითხრა, რომ მე ვარ ნაძირალა და ხელით შემეხო. სავარაუდოდ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ფსევდო იურისტმა, მითხრა, რომ მომივლიან. მეც არ დავაკელი, მაგრამ რომ იცოდეთ, არავის არაფრის დიდებით არ შერჩება ეს საქციელი. ამ საქმეს ბოლომდე მივყვები“, - აცხადებს შაკო კუჭაშვილი.
სამოქალაქო აქტივისტის ნათია ბერიძის თქმით, იმის გამო, რომ ემიგრანტები საქართველოში არ იმყოფებიან, ოთარ კახიძის გაკეთებული განცხადების გაპროტესტება სამოქალაქო აქტივისტებმა თავად ითავეს.
„მან რა კანონები უნდა მიიღოს პარლამენტში, როცა კაცმა სამი გოგო შეგვიყვანა ოფისში, კარი ჩაგვიკეტა და თითის ქნევით დამემუქრა, როცა მოვალ მთავრობაში, პასუხს გაგებინებ იმისთვის, რომ ხარ ცრუ მოწმეო. იმისთვის დამიჭერს, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ მივეცი „ცრუ ჩვენება“. ისიც მითხრა, შენი ჩვენება სიტყვა-სიტყვით მაქვს წაკითხულიო. გამოვიდეს მთავრობა და მითხრას, რატომ ჰქონდა ოთარ კახიძეს ჩემი როგორც მოწმის ჩვენება და რატომ გავრცელდა ტელევიზიით?! ოთარ კახიძეს არ შევარჩენ ემიგრანტების შეურაცხყოფას და თითის ქნევას. ვნახოთ ვისი აჯობებს. ოთარ, გპირდები, სადაც არ უნდა იყო, იქ მოვალ და საყვირით ყურში ჩაგყვირებ, რომ შენ ხარ ნაძირალა! მე ვიქნები ოთარ კახიძის ღამის კოშმარული სიზმარი“, - აცხადებს ნათია ბერიძე.
ინცინდენტის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა შაკო კუჭაშვილმა პატრული გამოიძახა. ამის მიზეზად კი განმარტა, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ოფისში, სამოქალაქო აქტივისტ გოგონებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.
გამოკითხვიდან გამოსული შაკო კუჭაშვილი კი მხოლოდ რამდენიმე ფრაზით შემოიფარგლა: „გამოვედი დაკითხვიდან, მადლობა ყველას, კარგად ვარ! არავის არაფერს შევარჩენ...“ - განაცხადა შაკო კუჭაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ აქცია პერფორმანსის მონაწილე გოგონები ოფისში არ ჩაუკეტავთ და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. თავად ოთარ კახიძე ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ნათია ბერიძე მოგვადგა, PosTV-დან და ტელეკომპანია „ობიექტივთან“ ერთად, ემიგრანტების სახელით. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ემიგრანტები არაფერ შუაშია, და სინამდვილეში სტუმრები ხელისუფლებამ გამოაგზავნა. ამ სიცრუეს კიდევ რა უჭირს, ნიკა მელიას წინააღმდეგ ცრუ ჩვენება აქვს მიცემული, სადაც ყვება, როგორ გეგმავდა რევოლუციას სერგო რატიანი და შალვა შავგულიძე“, - წერს ოთარ კახიძე.