„საქართველოს C ჰეპატიტის აქტიური გამოვლენისა და მკურნალობის მხრივ, 100 ათას მოსახლეზე გადათვლით, ყველაზე უკეთესი ინდიკატორები და მონაცემები აქვს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
„C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან მიმდინარეობს, უპრეცედენტო გახლავთ, ანუ დღეს ქრონიკული ვირუსული დაავადების ელიმინაცია მსოფლიოში პირველად ხდება. მედიცინის ისტორიაში ელიმინირებულია მხოლოდ ერთი დაავადება – „ყვავილი“. ის ვაქცინებით მართვადი დაავადებაა და „ყვავილის“ ელიმინაცია მოხდა საყოველთაო ვაქცინაციის მეშვეობით. 1980 წლიდან „ყვავილი“ აღარ არსებობს მსოფლიოში და ამას დასჭირდა დაახლოებით 20 წელიწადი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „ყვავილის“ ელიმინაცია გამოაცხადა 1959 წელს და სამიზნედ აიღო 1960 წელი, მაგრამ რეალურად, ეს განხორციელდა მსოფლიოში 1980 წელს, 10 წლით გადაიწია. შემდეგი დაავადება, რომელიც ელიმინაციის გზაზეა, არის პოლიომიელიტი. 1990 წლის რუკის თანახმად, პოლიომიელიტი გავრცელებული იყო დაახლოებით 150 ქვეყანაში. დღეს დარჩენილია სამ ქვეყანაში – ავღანეთი, პაკისტანი და ნიგერია. პოლიომიელიტის ელიმინაციის ე.წ. დედლაინმა გადაიწია დაახლოებით სამ-ოთხჯერ, რადგან დაავადების ელიმინაცია არ არის მარტივი, წამლით, მედიკამენტით, რომელიმე ქრონიკული დაავადების ელიმინაციის პრეცედენტი ჯერ არ არსებობს. ამის პირველი პრეცედენტი შეიძლება, C ჰეპატიტი გახდეს, რადგან C ჰეპატიტის სფეროში მოხდა უზარმაზარი გარღვევა 2013 წელს, როდესაც შეიქმნა წამალი „სოფოსბუვირი“ და აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა, როგორც სამკურნალო წამალი, რომლის განკურნების ეფექტი 95 პროცენტზე უფრო მაღალი იყო. მედიცინის ისტორიაში ეს გახლავთ უპრეცედენტო გარღვევა და ალბათ, თავის დროზე, აღინიშნება შესაბამისი უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოებით. ამან მისცა საშუალება 71 მლნ ადამიანს, ვინც დღეს C ჰეპატიტით ცხოვრობს მსოფლიოში, განიკურნონ და არ განუვითარდეთ ორი ყველაზე უფრო სასიკვდილო გართულება: ღვიძლის კიბო და ღვიძლის ციროზი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოში ჯერ 71 მილიონიდან დაახლოებით ხუთი-ექვსი მილიონი ადამიანი არის ნამკურნალევი. საქართველო კი, არის ამ მონაცემების ავანგარდში და დაავადების, როგორც გამოვლენის, ასევე მკურნალობის მხრივ კარგი მონაცემები აქვს.
„საქართველო დღეს არის ავანგარდში და 100 ათას მოსახლეზე გადათვლით, საქართველოს აქვს ყველაზე უკეთესი ინდიკატორები და მონაცემები როგორც C ჰეპატიტის აქტიურ გამოვლენაში, ისე მკურნალობაში. დღეს 2,8 მლნ მოზრდილი ადამიანიდან, ვინც ცხოვრობს საქართველოში, სკრინინგი უკვე ჩაუტარდა დაახლოებით 1 750 000 ადამიანს, ანუ 60 პროცენტზე მეტს. 2015 წელს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, დიდი კვლევა ჩავატარეთ, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 5.4 პროცენტი გახლავთ ანტიგენ-დადებითი, ანუ ეს არის დაახლოებით 150 000 ადამიანი“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სამიზნე მაჩვენებლებია, გამოვლინდეს 150 000-დან 135 000 შემთხვევა, აქედან 128 000 ადამიანი ჩაერთოს მკურნალობაში და 122 000 განიკურნოს.
„დღევანდელი ციფრები ასეთია: ჩვენ გამოკვლეული გვყავს მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი, მკურნალობაში ჩართულია 65 000 ადამიანი, 58 000 ადამიანმა დაასრულა მკურნალობა, 98,7 პროცენტი განკურნების ეფექტით. ეს გახლავთ საქართველოს მედიცინის უზარმაზარი მიღწევა, რადგან მკურნალობაში ჩართულ 65 000 ადამიანს, მათ შორის ვინც დღეს დაამთავრა, საუბარია 58 000 ადამიანზე, აღარ განუვითარდება ღვიძლის კიბო, მას აღარ განუვითარდება ღვიძლის ციროზი და ის იცოცხლებს დაახლოებით 15-20 წლით მეტს, ვიდრე ვთქვათ ეს დაავადებები, რომ განვითარებულიყო.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს გახლავთ უპრეცედენტო მიღწევა საქართველოს ჯანდაცვის სისტემით და ამ თვალსაზრისით საქართველო განიხილება მთელ მსოფლიოში, როგორც სამოდელო ქვეყანა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლისთვის პროგნოზირებული გეგმის შესასრულებლად, სავარაუდოდ, კიდევ ორი-სამი წელი იქნება საჭირო და ეს კრიტიკის საგანი არ უნდა გახდეს.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, მსოფლიომ 2030 წლისთვის დაგეგმა, რომ 90 პროცენტი, 71 მლნ ადამიანი, ვინც ინფიცირებულია, გამოავლინოს და უმკურნალოს. პირველადი ჩვენი პროგნოზით, ჩვენ ეს გეგმა გვქონდა 2020-ში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით კიდევ დაგვჭირდება ორი-სამი წელიწადი. ეს არ უნდა იყოს კრიტიკის საგანი. აქ ჩვენ ყველა, პოზიცია და ოპოზიცია უნდა ვიყოთ ერთად, რადგან უპრეცედენტო პროგრამაა და ადამიანების ჯანმრთელობას ეხება. ამ პროგრამამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და პრევენცია მოახდინა უმძიმესი დაავადებების განვითარების. აქ ყველამ ერთი პოზიციით უნდა შევხედოთ ამ საკითხს და ერთმანეთს დავეხმაროთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებული, 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ აუდიტში წერია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გუშინ გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულ თემაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტება არის მოყვანილი. მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითად მიზეზად 2017 წლის ივლისიდან ბენეფიციართა მკვეთრად შემცირებული მიმართვიანობა სახელდება.