ერევანში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უპასუხეს, რომლის მიხედვით, ერთიანი ეროვნული პროდუქტით სომხეთმა საქართველოს ტიგრან მეორე დიდის შემდეგ პირველად გაუსწრო.
სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ეკონომისტი გრანტ ბაგრატიანი ამბობს, რომ სომხეთი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე ბოლოს სწორედ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, 2005-2009 წლებში უსწრებდა. ამასთან, ბაგრატიანი არ იზიარებს მოსაზრებას, თითქოს სომხეთმა საქართველოს ამ მაჩვენებლით 2019 წელს გადაუსწრო.
ბაგრატიანი აღნიშნავს, რომ მის გუნდს მთლიანი შიდა პროდუქტის ისტორიული შეფასებებიც აქვს გაკეთებული. ამრიგად, ეკონომისტის განცხადებით, თამარ მეფის პერიოდამდე სომხეთი საქართველოზე უკეთესად ცხოვრობდა, შემდეგ – საქართველო, ვითარება მე-20 საუკუნის 70-იან წლებში კვლავ შეიცვალა.
„მიხეილ სააკაშვილს უბრალოდ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს“, - ციტირებს ბაგრატიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს პორტალი aysor.am.