„მე გამიგონია, ზოგიერთი მორწმუნე ადამიანებისაგან რომ „ჟამი ახლოს არისო ამბობენ“, მაგრამ მე ვიტყვი, რომ შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.
„დღეს არის სხვა წმინდანებთან ერთად ხსენება წმიდისა დავით წინასწარმეტყველისა, მეფისა. დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობს თავისთვის, "მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი". სიმშვიდე არის ის პირობა, როდესაც სულიწმინდა გადმოდის ადამიანზე. სიმშვიდე აუცილებელია ჩვენთვის. ჩვენ გვაკლია სიმშვიდე, გვაკლია იმიტომ, რომ არეული ვართ თანამედროვე ცხოვრებაში. ძალიან ბევრს ვიღებთ ჩვენ თავზე, ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმ მეცნიერებისა, კულტურისა, თანამედროვე მიღწევებისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია. აი, ეს სისწრაფე რომელიც დღეს არის მსოფლიოში, მეცნიერებაში, კულტურაში, მშენებლობაში ეს სისწრაფე მეტყველებს იმის შესახებ, რომ უფალი ახლოსაა ჩვენთან. მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის. მე გამიგონია, ზოგიერთი მორწმუნე ადამიანებისაგან რომ „ჟამი ახლოს არისო ამბობენ“, მაგრამ მე ვიტყვი, რომ შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა. აი, ამიტომ დავით მეფის სიტყვები-მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მიეცი, ძალიან აქტუალურია.
დავით მეფე იყო უბრალო მწყემსი და მწყემსობიდან ღმერთმა აიყვანა სამეფო ტახტზე. დავითს ახასიათებდა ის, რაც უნდა ახასიათებს ყოველ ადამიანს, როგორც წინსვლა ისე შეცდომები, მაგრამ დავით მეფე ხედავდა თავის შეცდომებს, დავით მეფე განიცდიდა, ამიტომ დასწერა მან შესანიშნავი წიგნი ფსალმუნების-„დავითნი“. ჩვენ ძალიან გვიყვარს ფსალმუნები და მისი ავტორი დავითი. დასწერა 50-ე ფსალმუნი. დავითმა დიდხანს არ იცოცხლა. 30 წლისა იყო, რომ გამეფდა და 40 წელი მეფობდა, იცოცხლა 70 წელი. გილოცავთ ამ დღესასწაულს, დავით მეფის ლოცვების მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. დავითის სიმშვიდე მოგმადლოთ უფალმა“, - ბრძანა პატრიარქმა.