„თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების და შესაბამისი დასკვნის მიმართ სრული ნდობა მაქვს“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, სახელმწიფომ სრულფასოვანი გამოძიება ჩაატარა. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია მაქვს და ყოველი დეტალი ჩემთვის ცნობილია, მათ შორის, ვინ რა ფორმით მონაწილეობდა პროცესში.
სახელმწიფომ ჩაატარა, ასევე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება. ამ გამოძიების და შესაბამისი დასკვნის მიმართაც სრული ნდობა მაქვს. მე ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერ“, - განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა სწავლისა და მონიტორინგის ცენტრი თემირლან მაჩალიკაშვილის გამოძიების საქმესთან დაკავშირებით დამატებით მოთხოვნებს აყენებს. EMC სროლის განმახორციელებელი პირის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციისა და უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობის დადგენილის მიზნით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებასა და ზოგიერთი სპეცრაზმელის ხელახალ გამოკითხვას ითხოვს.
EMC-ის შეფასებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ სროლის განმახორციელებელი და ადგილზე მყოფი სხვა სპეცრაზმელის გამოკითხვა დაგვიანებით და ფორმალურად ჩატარდა და მათ მიმართ არ არის დასმული საქმეზე სიმართლის დასადგენად მნიშვნელოვანი და კრიტიკული კითხვები.