logo_geo
eng_logo
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა
- +

13 იანვარი. 2020. 14:49

 

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში იყო. დანგრეული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი. შემოცლილი ჰქონდა კარნიზი, კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით. სამუშაოები არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, პირველი ეტაპის სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად: ტაძრის ოთხივე ფასადებზე მოიხსნა მორყეული და კირდუღაბგამოცლილი ქვები, რის შემდეგაც გაიწმინდა და ხელახლა მოერგო; კირდუღაბზე ხსნარზე მოერგო მარკირებული თლილი ქვები, ასევე, გაითალა ახალი ქვები და მოპირკეთდა ტაძრის ოთხივე ფასადი; მოეწყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი სარკმელი და კარნიზი; ტაძრის გუმბათქვეშა სამხრეთ-დასავლეთი ბურჯზე მოიხსნა მორყეული და კირდუღაბგამოცლილი ქვები, რის შემდეგაც გაიწმინდა და ხელახლა მოერგო; ახლიდან იქნა გადაყვანილი თაღები, ხოლო შემორჩენილ თაღებზე მოიხსნა მორყეული ქვები, გაიწმინდა და ხელახლა მოერგო; აღდგა გუმბათქვეშა სამხრეთ-დასავლეთი ბურჯის კაპიტელი; აღდგა სამხრეთი სარკმლის წირთხლები, ახალი ქვით კირდუღაბზე; მოეწყო სამხრეთი მკლავის ცენტრალური კამარა, ახალი ქვით კირდუღაბზე; სადიაკვნეს თავზე აღდგა კედლის კამარა ქუსლამდე, ახალი ქვით კირდუღაბზე; აღდგა გუმბათქვეშა საბჯენი ბურჯი;

 

ბიეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები „სამშენებლო კომპანიის“ მიერ ედიშერ ჯანჯულიას ხელმძღვანელობით განხორციელდა. სამუშაოების გაგრძელება 2020 წელსაც იგეგმება. ბიეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია XIV საუკუნის II ნახევრის ცენტრალურ-გუმბათოვანი ეკლესიაა. ის მდინარე მტკვრის მარცხენა შენაკადის წინუბნის წყლის ხეობაში მდებარეობს, სოფლების წინუბნისა და გურკელის გავლით და ამ უკანასკნელიდან დაახლოებით 2 კმ-ის მოშორებით. ეკლესიას ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს სამლოცველო, რომელიც, წარწერის თანახმად, 1493 წელს აუგია ზაალ თოხასძეს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner