საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ, პარლამენტის სასწავლო ცენტრის თანმხლებ წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები გამართა, რომლის მიზანიც იყო დაინტერესებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება საქართველოს პარლამენტში დანერგილი ინოვაციური პროექტის „დისტანციური სტაჟირება საქართველოს პარლამენტში“ შესახებ.
პარლამენტის აპარატის უფროსმა შეხვედრის მონაწილეებს დისტანციური სტაჟირების გავლის წესი და ის პირობები გააცნო, რომლებსაც სტაჟირებაში მონაწილე სუბიექტები უნდა აკმაყოფილებდნენ. მისი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, პროგრამის პილოტირების პროცესში, დისტანციურ სტაჟირებაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული ოდენობით, რეგიონებისთვის ოთხი, ხოლო თბილისისთვის ორი ადგილით განისაზღვრება და იგი ორ მიმართულებას - ადამიანის რესურსების მართვას და საერთაშორისო ურთიერთობებს მოიცავს. რაც შეეხება დისტანციურ სტაჟირებაში მონაწილეობას, მისი მსურველი შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:
პარლამენტის აპარატის უფროსმა დისტანციური სტაჟირების გავლის მსურველთა კონკურსის წესებიც განმარტა და აღნიშნა, რომ განაცხადების გადარჩევის შემდეგ, კონკურსანტებისთვის ქართულ ენასა და კომპიუტერულ უნარებში ტესტირება ჩატარდება, ბოლო ეტაპს კი მათთან გასაუბრება წარმოადგენს. მისივე ინფორმაციით, 2020 წლის 8 იანვრიდან 20 იანვრამდე იწარმოებს განაცხადების მიღება და 10 თებერვლამდე დასრულდება შერჩევის პროცესი.
დისტანციური სტაჟირების პროგრამის გაცნობის მიზნით, პარლამენტის აპარატის უფროსი გორის, ახალციხისა და თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს უკვე შეხვდა და 15 იანვარს ანალოგიური შეხვედრა თელავის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვისაც გაიმართება.