logo_geo
eng_logo
მეუფე ნიკოლოზი გიორგი მამალაძის შეწყალებაზე: ეს თამაში ხომ არ გგონიათ, სინოდმა წერილი დაწერა, მეორეჯერ დავწეროთ წერილი?
- +

13 იანვარი. 2020. 16:19

 

 

„თქვენ ეს თამაში ხომ არ გგონიათ? სინოდმა დაწერა წერილი და რას მეკითხებით, მეორეჯერ დავწეროთ წერილი?“ - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

 

„დეკანოზის საქმესთან დაკავშირებით მე შეფასება ბევრჯერ გავაკეთე. აზრი მას შემდეგ არ შემცვლია. რომელ პრეზიდენტს უნდა მივმართოთ შეწყალებაზე, მოქმედ პრეზიდენტს თუ მომავალს? ბევრჯერ ვთქვი, რომ ჩვენ, საპატრიარქომ ორჯერ მივმართეთ პრეზიდენტს. ერთხელ წინა პრეზიდენტს, ერთხელ ამ პრეზიდენტს. კიდევ თუ იქნება ახალი პრეზიდენტი, იმასაც მივმართავთ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

კითხვაზე - ახალი პრეზიდენტის მიმართვამდე აპირებს თუ არა საპატრიარქო, განმეორებით მიმართოს მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე, მეუფე ნიკოლოზმა განცხადა:

 

„ვერაფერს გეტყვით, როგორც იქნება საჭირო, ისე გავაკეთებთ. როგორ უნდა მივმართოთ? სინოდს ასეთი რამ არასდროს გაუკეთებია, უპრეცედენტო შემთხვევა იყო. სინოდმა ორჯერ მიმართა პრეზიდენტს. კიდევ მეორედ უნდა დავწეროთ ასეთი წერილი? თქვენ ეს თამაში ხომ არ გგონიათ? სინოდმა დაწერა წერილი და რას მეკითხებით, მეორეჯერ დავწეროთ წერილი?“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, მას დეკანოზის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით არავითარი საწინააღმდეგო არ აქვს.

 

„თუ ავად არის, გადაიყვანონ საავადმყოფოში. საქართველოში მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს ყველაფერს - ჯანმრთელობის მდგომარეობას, შეწყალებას, ეს არის გაწერილი კანონით და კანონის მიხედვით ხდება ყველაფერი. თუ კანონი მოითხოვს, მას აუცილებლად გადაიყვანენ საავადმყოფოში. მე ბევრჯერ მივმართე შესაბამის უწყებებს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და ზუსტად გავარკვიე, რა შემთხვევაში როგორ მოქმედებს კანონი. ამიტომ პირობას გაძლევთ, თუ მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბებს რეაგირებას მოახდენს ხელისუფლება იმიტომ, რომ არ სჭირდებათ, პატიმარი ციხეში გარდაიცვალოს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

მეუფე ნიკოლოზმა ასევე აღნიშნა, რომ ტელევიზიები მის კომენტარებს ეთერში სრულყოფილად არ უშვებენ, ამიტომ მისი მოთხოვნაა, მედიამ პირდაპირი ეთერი დაუთმოს, სადაც ნებისმიერ კითხვაზე პასუხს გასცემს.

 

„თუ გინდათ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ და სხვა საკითხებზეც ვისაუბრო, მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ მიმიწვიეთ პირდაპირ ეთერში და აუცილებლად მოგიყვებით ყველაფერს. იმიტომ, რომ აქ გაკეთებული კომენტარი, როგორც წესი, ეთერში არ გადის. სააგენტოებს ცალკე დაგელაპარაკებით. ჩემს წინადადებას დეკანოზ მამალაძეზე, ან ნებისმიერ საკითხზე თუ შუაში გაჭრით, სხვა კონტექსტი გამოვა. ამიტომ ქუჩაში ამ საკითხზე ვერ ვილაპარაკებ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner