logo_geo
eng_logo
პაატა მხეიძე და მარიამ ჯაში რუსთავის დღის ცენტრის ბენეფიციარებისა და სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
- +

13 იანვარი. 2020. 17:13

 

 

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრში  არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step“-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიება - „ერთად ვაქციოთ ზღაპარი რეალობად“ გაიმართა, რომელშიც  რუსთავის დღის ცენტრის ბენეფიციარებმა და სოციალურად დაუცველმა მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შშმ პირების მიერ თექაზე, ბისერზე, თიხაზე შექმნილი ნამუშევრები, სხვადასხვა აქსესუარები.  ღონისძიებაზე სასწავლო ცენტრ „მერი ლაინი“-ს მიერ შექმნილი სამოსის ჩვენებაც გაიმართა, რომელიც სოციალურად დაუცველ ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ.

 

ორგანიზაციის ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცეს პარლამენტის წევრებმა პაატა მხეიძემ და საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.

 

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და სოციალურად დაუცველთა პრობლემა თითოეული ჩვენგანის პრობლემაა და  უპირველესი ვალდებულებაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ როგორც მშობლების, ასევე მათი ბავშვების მხარდასაჭერად,“ - განაცხადა პაატა მხეიძემ.

 

„ეს არის ტრადიცია, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია.  არ შემიძლია მადლობა  არ გადავუხადო რუსთავის მერიას და მაჟორიტარებს, რომლებიც მუდამ მხარში უდგანან ამ ოჯახებს და ვისურვებდი, რომ ეს ყოფილიყოს ის თემა, რომელიც გვაერთიანებს და ყველაფერი გავაკეთოთ თითოეულმა რათა გაუმჯობესდეს შშმ პირთა და სოციალურად დაუცველ პირთა ოჯახების მდგომარეობა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა მხეიძემ მადლობა გადაუხადა  ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step“-ის ხელმძღვანელებს რუსთავის დღის ცენტრის მოზარდებზე ზრუნვისთვის და არაერთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისთვის, რომელიც ხელს უწყობს შშმ ბავშვებს რესოციალიზაციაში.

 

ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს რუსთავის მერიის დაფინანსებით შშმ პირთათვის შეძენილი საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner