საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გურიის მოსახლეობას კალანდობას ულოცავს.
პარლამენტის თავმჯდომარე ოჯახის წევრებთან ერთად, გურიაში, შალვა რადიანის ეთნოგრაფიულ სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა, სადაც ტრადიციული სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
არჩილ თალაკვაძემ „კალანდობა 2020“-ის აღსანიშნავად შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა, მშვიდობიანი და წარმატებული წელი უსურვა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„გილოცავთ კალანდას! მშვიდობის, ბედნიერების, სიკეთის, წინსვლის წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული თქვენგანისა და თქვენი ოჯახებისთვის. ბევრი სტუმარი ჰყოლოდეს გურიას! დარწმუნებული ვარ, რომ ამ და შემდეგ წლებში საქართველო აუცილებლად მიაღწევს კიდევ უფრო მეტ პროგრესს და ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნისთვის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში წარმატებების მოტანას.
მომავალი წლები იქნება მშვიდობის და განვითარების წლები და ამის წინაპირობა არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ქვეყნის, ხალხის ინტერესების გარშემო ერთად დავდგეთ, გავერთიანდეთ და ერთად ვიმუშაოთ უკეთესი მომავლისათვის.
აქ, ადამიანებს, ნამდვილად აწუხებთ და აინტერესებთ, თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი და სიმბოლურია, რომ ბევრი ის ადამიანი, ვისაც თქვენთან ერთად ხელეწიფება, რომ საქართველოს უკეთესი მომავალი ჰქონდეს, დღეს აქ, ამ ისტორიულ სახლ-მუზეუმში არის შეკრებილი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძესთან ერთად, შალვა რადიანის ეთნოგრაფიულ სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ და გურიის მოსახლეობას კალანდობა მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის წევრებმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.
სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, კალანდობა ახალწელიწადს ნიშნავს და მას განსაკუთრებულად გურიაში აღნიშნავენ. ტრადიციის მიხედვით, ახალი წლის დადგომისთანავე, ოჯახის უფროსი ჯერ მარანს და საბძელს მოინახულებდა, შემდეგ შედიოდა სახლში და ოჯახს ღვინით დალოცავდა. კალანდობის აუცილებელი ატრიბუტია ჩიჩილაკი, რომელსაც, წესის მიხედვით გურულები თხილის ნედლი შტოდან საგანგებოდ თლიდნენ.