logo_geo
eng_logo
მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ ანრი ოხანაშვილზე მუქარის ბრალდებით დაკავებული პირი „ლელოს“ წევრია
- +

15 იანვარი. 2020. 12:05

 

 

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ პარლამენტის წევრ ანრი ოხანაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და მუქარის ბრალდებით დაკავებული პირი „ლელოს“ წევრია.

 

ამის შესახებ ხაზარაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა.

 

„ვადასტურებ - ვახტანგ რობაქიძე არის გაწევრიანებული „ლელოში“. აქვე, მინდა განვაცხადო ჩემი და მთელი ჩვენი პარტიის პოზიცია, რომ სრულად ვგმობთ ძალადობასა და არაკანონიერ ქმედებას, თუმცა, ჩვენთვის ცნობილი არ არის დეტალები, რა მოხდა. ჩვენი იურისტები გაერკვევიან და დღის ბოლოსთვის გვექნება სრული ინფორმაცია. 2012 წლიდან 2017 წლამდე რობაქიძე იყო „ოცნების“ წევრი და ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი. ჩვენ არ ვიცით, რის გამო მოხდა მათ შორის, ანუ ყოფილ პარტიელებს შორის, დაპირისპირება. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ ძალადობას ვგმობთ, დეტალებში გავერკვევით და  ადეკვატურ ზომებს მივიღებთ. არ ვიცით, რა მოხდა და ვერ დავეყრდნობით მხოლოდ ინფორმაციას, რომელიც თქვა ოხანაშვილმა, რადგან ოხანაშვილმა მთელი საქართველო მოატყუა და შეიძლება, ის ამ შემთხვევაშიც იტყუებოდეს“, - აცხადებს ხაზარაძე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, ანრი ოხანაშვილს ერთმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მიაყენა, სადაც დეპუტატი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner