პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში პარტია „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ვოლსკი წერს, თითქმის იმავეს ამბობდა სააკაშვილი - მალულად მიწათხრილი მქონდა გათხრილი რუსეთის შემოჭრის პრევენციისთვის და ახალმა ხელისუფლებამ გასცა მისი ადგილმდებარეობაო.
„ხაზარაძე ამბობს, რომ 9-კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, რომლის სიგანე 15 მეტრი იქნება, სამომავლოდ მსოფლიოს უდიდეს გვირაბებს შორის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს, აგრეთვე, 550-მეტრიანი თაღოვანი ხიდი, შენდება იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა რუსეთის ტანკების შემოჭრას შეუწყონ ხელი... ამ ლოგიკით, სულ ცოტა, ყაზბეგში საერთოდ უნდა ავყაროთ გზა... თითქმის იმავეს ამბობდა სააკაშვილი - მალულად მიწათხრილი მქონდა გათხრილი რუსეთის შემოჭრის პრევენციისთვის და ახალმა ხელისუფლებამ გასცა მისი ადგილმდებარეობაო. თანაც ერთი ის კაცია, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობაში მსხვილი რუსული კომპანიის შემოყვანას სთავაზობდა ხელისუფლებას, მეორემ კი ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს მიჰყიდა და რომ არა აშშ-ის ჩარევა, მაგისტრალური გაზსადენის გადაცემაც უნდოდა... ახალგაზრდებო, ნუ დაჰყვებით ამ ხალხს კუდში, მართლა სირცხვილია!“ - წერს ვოლსკი.
შეგახსენებთ, გუშინ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში გზის მშენებლობა რუსეთის ინტერესში შედის. მისი თქმით, რუსეთს ტანკების კომფორტულად შემოსვლის საშუალება ეძლევა.