„ADB-მ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. ამის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძეს EBRD-ს მსგავსად, არც ADB ენდო“, - აცხადებს ექსპერტი საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე.
ექსპერტი მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებას - ქვეშეთი-კობის გზით რუსეთისთვის ტანკებით კომფორტულად შემოსვლის ახალ შესაძლებლობის მიცემის შესახებ, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ განცხადებას, თემის აბსურდულობასთან ერთად, ერთ საინტერესო ფაქტთან მივყავართ.
მისი თქმით, ხაზარაძის შეფასებების მიხედვით გამოდის, რომ ამ პროექტის, რომლის მთლიანი ღირებულება 558 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, მხარდამჭერ და თანადამფინანსებელ საქართველოს მთავრობასთან ერთად ორი უმსხვილესი საერთაშორისო ბანკი - ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აზიის განვითარების ბანკიც (ADB) რუსეთის ინტერესებს ატარებენ. ანუ ისინიც ქართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ!
„რაც არანაკლებ საინტერესოა, ეს ორი ბანკი არის არა მხოლოდ „თიბისი ბანკის“ პარტნიორი და აქციონერი ბანკები. ისინი წარმოადგენენ იმ 4 ბანკს - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC), აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), რომლებიც „ანაკლიის კონსორციუმის“ მიერ ინვესტორებად იყო შემოთავაზებული და რომლებსაც წლების განმავლობაში, დიდი წვლილი შეჰქონდათ და დღესაც შეაქვთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.
ქვეშეთი-კობის გზის პროექტი კი პირველია ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის დაგეგმილ გაუმჯობესებათა ნუსხაში. აღნიშნული დერეფანი სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო მიმართულებაა საქართველოს, სომხეთისა და მთლიანად რეგიონული სავაჭრო პარტნიორებისთვის. აღნიშნული დერეფანი ასევე იკვეთება დედაქალაქის, თბილისის ჩრდილოეთით გამავალ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალთან და რაც მთავარია, უმოკლესი გზაა ცენტრალური აზიის ევროპასთან და აღმოსავლეთ აზიასთან დასაკავშირებლად. ახალი 23-კილომეტრიანი შემოვლითი გზა უფრო უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილების საშუალებას მისცემს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებსა და გადამზიდავებს, რითაც ხელს შეუწყობს ამ მეტად მნიშვნელოვანი და სტრატეგიული რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და ტურისტული პოტენციალის გაზრდას.
მაგრამ მამუკა ხაძარაძის ზღაპრებს თავიც რომ დავანებოთ, მთავარი შეკითხვა ის არის, რატომ ვერ შეძლო კონსორციუმმა, წამყვან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მოლაპარაკება ისე წარემართა, რომ მიეღო გარანტია პორტის მშენებლობის პირველი ფაზისთვის საჭირო თანხის - 400-მილიონდოლარიანი სესხის მისაღებად, ისე, რომ რისკების დაზღვევა სახელმწიფოსთვის არ აეკიდა? პირდაპირ მთავრობისგან ითხოვდა ბანკებთან შუამავლობას. აქ ვგულისხმობ როგორც თვირთბრუნვის რისკის დაზღვევას, ისე BOT კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში 400 მლნ დოლარის სესხის სახელმწიფოს მიერ დაფარვის ცალსახა მოთხოვნას. ეს ხომ სატენდერო პირობიდან გამომდინარე, მთლიანად კონსორციუმის, როგორც კერძო სტრუქტურის მოსაგვარებელი საკითხი იყო? თავის მოსაგვარებელ საკითხს პირდაპირ სახელმწიფოს კიდებდა ტვირთად. „შენ უთხარი EBRD-ს, 400 მილიონი სესხი მომცეს. მერე პორტის მშენებლობისთვის 50 მილიონს გამოვიყენებო. თუ მერე ტვირთი ვერ მოვიტანე, მერე სახელმწიფომ გაისტუმროს ეს სესხიო“ - ეს რას ნიშნავს? რომელ ლოგიკაში ჯდება ეს? ვერ დაარწმუნა და არ დაიჯერა EBRD-მა ხაზარაძის ზღაპრები. ეს ყველაფერი მიტომაც ხომ არა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე, 2016 წლიდან მიმდინარე წლის დასაწყისში კონტრაქტის გაწყვეტამდე, კონსორციუმმა უბრალოდ საკუთარი კაპიტალიც კი ვერც შეავსო, რაც მინიმუმ 120 მლნ აშშ დოლარის მობილიზებას უზრუნველყოფდა?
ხაზარაძის ამ კონსპიროლოგიას თავი რომ დავანებოთ, და ეს საკითხი წმინდა ეკონომიკური მომგებიანობის კუთხით განვიხილოთ, როდესაც აზიის განვითარების ბანკზეა საუბარი, ADB-მ გასულ წელს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი გრძელვადიანი სტრატეგია დაამტკიცა. ADB-ის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული სუვერენული სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რასაც სხვა პარტნიორებისგან თანადაფინანსების სახით მობილიზებული ფულადი სახსრებიც დაემატება. თანადაფინანსებაში კი მოიაზრება მთავრობის სამი მთავარი პროექტიც: აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო და ეკონომიკური დერეფნებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება. ეს ის ADB-ია, რომელიც მამუკა ხაზარძეს არ ენდო. მოდით, ვთქვათ, პირდაპირ. არ ენდო მამუკა ხაზარაძეს და მორჩა! რატომ? იმიტომ რომ არ ჰქონდა მისგან შესაბამისი დასაბუთება და გარანტიები.
EBRD და ADB არ ენდნენ მამუკა ხაზარაძეს და დიდი წერტილი!
მიმაჩნია, რომ საგზაო პროექტი უნდა ჩაითვალოს ბოლო ათწლეულში მეორე უმსხვილეს საერთაშორისო საინვესტიციო პროექტად, ენერგოკომპანია „BP“-ს მიერ 2014-2018 წლებში, სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტის (SCP) შემდეგ. ჯამში, 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ეტაპობრივად განხორციელდა, რაც ამ წლებში ეკონომიკური ზრდის მნიშნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო.
გარდა ამისა, ეს არის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი, რომელიც მიმართულია საქართველოს, როგორც რეგიონალური წამყვანი ცენტრის, მისი ბუნებრივი ისტორიული ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით. ერთი მხრივ, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების – სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრების გახსნით და მეორე მხრივ, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის დერეფნების გაზრდით - შავი ზღვისა და ევროპის მიმართულებით“, - წერს გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში გზის მშენებლობა რუსეთის ინტერესში შედის. მისი თქმით, რუსეთს ტანკების კომფორტულად შემოსვლის საშუალება ეძლევა.