logo_geo
eng_logo
1917 წლის 14 იანვარს ლადო ასათიანი დაიბადა
- +

14 იანვარი. 2020. 18:00

 

 

14 იანვარი ქართველი პოეტის ლადო ასათიანის დაბადების დღეა!

 

ლადო ასათიანი 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში დაიბადა. ლეჩხუმში არის პატარა სოფელი, ბარდნალა, სადაც ფერდობზე, დღემდე დგას ხის იმერული ოდა-სახლი. ეზოში კი ხეხილის ხეები ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულან. ახლა აქ დიდი პოეტის პატარა მუზეუმია მოთავსებული. მისი კარი იშვიათად ირება, თუმცა, ადრე სოფლის მასწავლებლის, მელიქსედეკ ასათიანის, ოჯახში დღენიადაგ ხმაური ისმოდა, - სიცოცხლე დუღდა და ოჯახს ორი ვაჟისა და ქალიშვილის ჟრიამული ატკბობდა.

 

მეამბოხე სულის პატრონს, ლადო ასათიანს ერთ ადგილზე ყოფნა უჭირდა. იგი ტკივილამდე განიცდიდა ბუნების სილამაზეს. აკი მთელი ქუთაისი და მისი შემოგარენი ერთი ამოსუნთქვით შემოირბინა: გელათი, გეგუთი, წყალტუბო, სათაფლია, რიონჰესი, ჭომა, საღორიის ტყე... მარტო ეს სახელებიც კმარა იმისათვის, რომ ლადოს ხასიათს ხაზი გაესვას, - მომავალ პოეტს ხომ თავდავიწყებამდე უყვარდა საქართველოს წარსული და მოწიწებით შესცქეროდა მომავალს.

 

ლადოს სულიერ დახვეწაში ოჯახმა დიდი როლი შეასრულა. პოეტის მშობლები პედაგოგები იყვნენ და, ბუნებრივია, საკუთარი შვილის აღზრდაზეც ზრუნავდნენ. სამწუხაროდ, 1937 წელს, ლადოს დედა დააპატიმრეს და გადაასახლეს. ქალბატონი ლიდა ოჯახს აღარც დაბრუნებია... მომავალი პოეტი კი „ხალხის მტრის შვილად“ გამოაცხადეს და ინსტიტუტიდანაც გარიცხეს. დედის დაკარგვამ ლადო ასათიანის სულიერ სამყაროს წარუშლელი კვალი დააჩნია, - ჭაბუკს სევდა მოეძალა და უკიდეგანო ქვეყანაზე ადგილს ვერსად პოულობდა. იგი დღენიადაგ რეპრესირებულ დედაზე ფიქრობდა...

 

1938 წლიდან ლადო საცხოვრებლად და სამუშაოდ თბილისში გადავიდა, სადაც მუშაობა გაზეთ „ნორჩი ლენინელის“ რედაქციაში დაიწყო. ამავე პერიოდში, ლადო ასათიანმა მომავალი მეუღლე ანიკო ვაჩნაძე გაიცნო, რომელიც მწერალთა კავშირში ეკონომისტად მუშაობდა. ლადომ ანიკო პირველად, შემთხვევით, ქუჩაში ნახა და ანონიმური სიყვარულის წერილი გაუგზავნა, რომლის ავტორის დადგენაც ანიკოს სამსახურში ხელწერის მიხედვით მოინდომეს და რევაზ მარგიანმა ამოიცნო. ანიკომ წერილი დახია, რასაც შემდეგ ძალიან ნანობდა. ლადო ასათიანი და ანიკო ვაჩნაძე პირველი შეხვედრიდან რამდენიმე დღეში დაქორწინდნენ.

 

პოეტი საკმაოდ ახალგაზრდა დაავადდა ტუბერკულოზით. ჭლექი იმ დროს განუკურნებელი სენი იყო. როცა თავს ცუდად გრძნობდა, აბასთუმანში მიდიოდა, ცოტა რომ მოკეთდებდა, მაშინვე თბილისში ბრუნდებოდა.

 

ლადო ასათიანმა 1940-1941 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“, რომელიც მისმა მეგობარმა ლადო ავალიანმა გააფორმა მხატვრულად. წიგნი დაიბეჭდა 1943 წელს, პოეტს გაუგზავნეს 10 საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი.

 

ლადო ასათიანი 1943 წლის 23 ივნისს, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. 1968 წლის 24 აპრილს პოეტის ნეშტი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადმოასვენეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner