„ნაციონალური მოძრაობისთვის“ არაფერს ნიშნავს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება - ეს არის ჩვენ შორის ღირებულებითი სხვაობა“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით საუბრისას ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „შაბათის ქრონიკა“.
ანრი ოხანაშვილმა გაიხსენა, თუ როგორ ხდებოდა გენერალური პროკურორის არჩევა 2012 წლამდე და როგორ ხდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პროკურატურის დეპოლიტიზებისთვის.
„1997-დან 2008 წლამდე გენერალურ პროკურორს ირჩევდა პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წლიდან შეცვალა ეს პროცესი და არათუ პარლამენტში ხდებოდა გენერალური პროკურორის (იმ დროისთვის უკვე მთავარი პროკურორის) არჩევა, არამედ იუსტიციის მინისტრი წარუდგენდა კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტს. მისი გადაყენება შეეძლოთ ნებისმიერ დროს. ვერც საზოგადოება და ვერც ჟურნალისტები ვერ ადევნებდნენ თვალს ამ პროცესს, ერთ დღეში ისე ხდებოდა პირის დანიშვნა და პირის მოხსნა თანამდებობიდან. ეს იყო პირდაპირ წინააღმდეგობაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დავიწყეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ დეპოლიტიზებული ყოფილიყო პროკურატურა. იგი დღეს კონსტიტუციის დონეზე ინსტიტუციურად დამოუკიდებელია და, რაც მთავარია, ჩვენ ეს პროცესი გადმოვიტანეთ საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა, რა თქმა უნდა, ზვიად კუპრავას და ნიკა გვარამიას კანდიდატურას შესთავაზებდა პარლამენტს და თანახმა იქნება ადეიშვილის დაბრუნებაზე.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიყოთ ობიექტურები, საზოგადოებას ავუხსნათ რეალური მოცემულობა, სად ვიყავით და სად ვართ დღეს. დღევანდელი კანონმდებლობით, საპროკურორო საბჭო წარუდგენს კანდიდატს საქართველოს პარლამენტს. ოპოზიციას შეუძლია კომიტეტის ფარგლებში ჩაერთოს და დასვას კითხვები. მთავარია ის, რომ საზოგადოებამ იცის, ვის ირჩევს პარლამენტი გენერალურ პროკურორად, როგორ ხედვას წარუდგენს ეს ადამიანი პარლამენტს და საზოგადოებას. „ნაციონალური მოძრაობისთვის არაფერს ნიშნავს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება. ეს არის ჩვენ შორის ღირებულებითი სხვაობა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.