საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, 20-24 იანვარს, ბრიუსელს ეწვევიან, სადაც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას. სხდომაზე, სადაც საქართველოში არსებული პროგრესის, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი მდგომარების შესახებ იმსჯელებენ, მოხსენებით წარდგება კახაბერ კუჭავა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია შეხვედრებს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ ჰაიდი ჰაუტალასთან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელ ანდრიუს კუბილიუსთან, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე კრისტიან ტერესთან და ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე რასა იუკნევიჩიენესთან გამართავს.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტარებთან - ურმას პაეტთან, ანდრეა ბოცსკორთან და რაინჰარდ ბიუტიკოფერთან.
ვიზიტის ფარგლებში, ქართველი კანონმდებლები შეხვედრებს, აგრეთვე, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების, ასევე, ბრიუსელში მოქმედი აკადემიური წრეებისა და Think-Tanks წარმომადგენლებთან გამართავენ.