„მისი განცხადება ჩემთვის არ არის საინტერესო, ოფიციალური ამერიკის განცხადება ნამდვილად მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რესპუბლიკელი სენატორის წერილთან დაკავშირებით განუცხადა.
„წერილის შინაარსს არ ვიცნობ, თუმცა, ნამდვილად ვერ მივიღებ ისეთ კრიტიკას, რომელიც ნამდვილად დაუმსახურებელია. ქვეყანა დემოკრატიული თვალსაზრისით ვითარდება და მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა განხორციელებული მოყოლებული 2012 წლიდან და შედარებებიც საკმარისია, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე გამოხატვის თავისუფლების კუთხით, თუნდაც ტელევიზიების მიმართ. ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის, ამაზე მეტყველებს ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის ოფიციალური განცხადებები. ეს მისი სუბიექტური მოსაზრებაა, მისი განცხადება ჩემთვის არ არის საინტერესო, ოფიციალური ამერიკის განცხადება ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩემთვის. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვიხილეთ ოფიციალური განცხადება, სადაც მიუთითებდნენ იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება და დადებითად იყო შეფასებული. თითო-ოროლა კონგრესმენის რაღაც მეგობრობით გაკეთებული განცხადებები ჩემთვის საინტერესო არ არის“, - განაცხადა კალაძემ.
რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას წერილით მიმართავს. კონგრესმენი წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით შეშფოთებულია.