„8 წელი საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა 2020 წლის არჩევნების შემდეგ მისი პოლიტიკური გეგმების შესახებ დასმულ კითხვას. მისივე თქმით, ის პოლიტიკაში დარჩენას „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად აპირებს.
„თუკი იქნება „ქართული ოცნების“ სურვილი, ვაპირებ, პოლიტიკაში მათთან ერთად დავრჩე. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრობას, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროში ჩემი და ჩემი თანამებრძოლების საქმიანობის სრული 8 წელი იქნება შესრულებული. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას. დაველოდებით, როგორი იქნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება. მანამდე მე პირადად ვაპირებ, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში ძალიან აქტიურად ჩავერთო. მე მაქვს უფლება, ვიყო მინისტრი და ამავდროულად ვიყო სუპერაქტიური, ვიდრე რომელიმე წინა არჩევნების დროს მინისტრობისას ვყოფილვარ. სწორედ ამას ვაპირებ, რადგან მე, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოში წარსულის დაბრუნება არ დავუშვა.
მჯერა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მთლიანად სისტემა გაისად ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიერ იქნება მართული“, - განაცხადა წულუკიანმა.