logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, 14 000-მდე ოჯახი გათბობით უზრუნველყოფისათვის 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებს
- +

21 იანვარი. 2020. 16:01

 

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 13 859 ოჯახის გათბობით უზრუნველყოფისთვის ვაუჩერების დარიგების საკითხს ეხმაურება.

 

„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 14 000-მდე ოჯახი მიიღებს 200-ლარიან ვაუჩერს, გათბობით უზრუნველყოფისათვის მიმდინარე ზამთარში. იცით, რომ სახელმწიფო ამ ტიპის დახმარებას ამ ოჯახების მიმართ უკვე 2013 წლიდან ახორციელებს და ეს არის ერთ-ერთი ის საშუალება, რითაც ჩვენ ვცდილობთ, რომ გვერდში დავუდგეთ ჩვენ მოქალაქეებს, რომლებიც ჩადიან ყოველდღიურ გმირობას მავთულხლართების და დაბრკოლებების მიუხედავად, არ ტოვებენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ საქმიანობის გაგრძელება, რაც უკავშირდება სპეციალურ კომისიას, რომელშიც შედის ყველა სახელმწიფო უწყება და რომელიც არაერთი მიმართულებით პასუხობს ამ ადამიანების საჭიროებებს. მომავალში კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გავაგრძელებთ მუშაობას, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პასუხი მავთულხლართების პოლიტიკაზე, რომელიც დღესაც გრძელდება, ამჯერად სოფელ გუგუტიანთკარში, არალეგიტიმური, აბსოლუტურად მიუღებელი საშუალებებით, რაც უკავშირდება ამ ადამიანების ოჯახების გაყოფას, სოფლების დაყოფას, უკანონო ბარიკადების მშენებლობას. ჩვენ განვითარებით, გვერდში დგომით, დიპლომატიური, სამართლებრივი და ყველა შესაძლო მექანიზმით ვუპასუხებთ, ამას და აუცილებლად მივაღწევთ, რომ საბოლოოდ აი, ეს მახინჯი დაბრკოლებები დაიშალოს საქართველოს შუაგულში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით გამყოფ ხაზთან მცხოვრებლებს 200-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. ვაუჩერის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით თანხა გადაეცემათ იმ ოჯახებს, რომლებიც ბუნებრივი აირით ჯერჯერობით ვერ სარგებლობენ.

 

აღნიშნულ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner