ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აცხადებს ბავშვთა ნახატების კონკურსს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა 5-დან 16 წლამდე ასაკის შვილები და შვილიშვილები. კონკურსი 1 მარტამდე გაგრძელდება. საუკეთესო ნახატებს (როგორც ფერწერულ, ისე გრაფიკულ ნამუშევრებს) გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის თავმჯდომარეც, ომის ვეტერანი, მხატვარი გიგა არველაძეა. გამარჯვებული ნამუშევრები განთავსდება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბრენდირებულ სასაჩუქრე კატალოგში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@veterans.gov.ge, ან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოფიციალურ facebook გვერდზე: https://www.facebook.com/veteranebi/?ref=bookmarks
კონკურსში მონაწილეობის მიღება ავტომატურად გულისხმობს ავტორთა თანხმობას, მათი ნამუშევრების კატალოგში განთავსების თაობაზე, ნახატის ავტორის სახელის, გვარისა და ასაკის მითითებით.
კონკურსში გამარჯვებულმა ავტორებმა შემდგომში ნახატების ორიგინალები უნდა წარმოადგინონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მისამართზე: ვახტანგ გორგასლის შესახვევი N 12 ა.
საკონკურსო ნაშრომს თან დართული უნდა ჰქონდეს შემდეგი ინფორმაცია: კონკურსანტის დაბადების მოწმობა, ვეტერანი ოჯახის წევრის ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობა, საკონტაქტო ტელეფონის ნომრები (მობილური და სახლის).