„დასანანია, რომ ოპოზიცია ნებისმიერ თემას პოლიტიკურ სპეკულაციად აქცევს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გოგა გულორდავამ განაცხადა.
„ოპონენტებს საზოგადოება კვლვავ შეცდომაში შეჰყავთ, თითქოს მერიამ ალყაში მოაქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, როგორც საპროტესტო გამოსვლების ეპიცენტრი. რეალურად, კი, დღეს პარლამენტის წინ არსებული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, მისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება კი გასული წლის ივნისში დასრულდა და პროექტი სწორედ ამ პერიოდში ითვალისწინებს სამუშაოების დაწყებას.
ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ აღნიშნული მონაკვეთი, მართლაც, არასახარბიელო მდგომარეობაშია, მოუწესრიგებელია საკომუნიკაციო ჭები, პერიმეტრი ნაწილობრივ არის ფილებით მოპირკეთებული, მოსაწყობია ჰიდროსაიზოლაციო ფენა.
პროექტის მიხედვით, დაიგება ახალი ფილები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შადრევნებს, განხორციელდება გამწვანების სამუშაოები, ასევე, მოწესრიგდება 9 აპრილის მემორიალიც. დასასრულს, კი, ვფიქრობ, ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის კეთილმოწყობილი სივრცე იქნება“, - განაცხადა გულორდავამ.