„ოპონენტები ცდილობენ, რომ 4 კონგრესმენის წერილი და კონგრესის ორპარტიული მხარდამჭერი რეზოლუცია ლამის ერთ სიბრტყეში დააყენონ, რაც მცდარია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს.
„ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ 4 კონგრესმენის წერილი და კონგრესის ორპარტიული მხარდამჭერი რეზოლუცია ლამის ერთ სიბრტყეში დააყენონ და თანაბარი მნიშვნელობის გამოხატულებად წარმოგვიდგინონ. ეს ნამდვილად მცდარია და პოლიტიკურ უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება თავად წერილის შინაარსს, ცხადია, აქ არის გარკვეული კრიტიკა, თუმცა ვფიქრობ, რომ შეიცავს გარკვეულ უზუსტობებს. მიმაჩნია, რომ ჩვენ მიერ დაგეგმილი ვიზიტების შემდეგ, რაც უახლოეს მომავალში განხორციელდება და მიეწოდებათ ამომწურავი ინფორმაცია, შეფასებები იქნება ობიექტური და პოზიტიური“, - განაცხადა იონათამიშვილმა.