logo_geo
eng_logo
საქართველოს ელჩი ჩინეთში: ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს, თუმცა ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს
- +

26 იანვარი. 2020. 14:43

 

„ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მატულობს, თუმცა ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ განუცხადა.

 

დიპლომატის თქმით, ქალაქი უხანი საკვები პროდუქტებით, სასმელი წყლით სრულად უზრუნველყოფილია და ყველა სახის პრევენციული ღონისძიება ტარდება.

 

„პირადად, მუდმივ კონტაქტზე ვარ სამივე ჩვენს თანამოქალაქესთან, რომლებიც ამჟამად ქალაქ უხანში იმყოფებიან. გარდა ამისა, დღეს დილით ვესაუბრე უხანის მუნიციპალიტეტის, ასევე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. მთელ ჩინეთში მასშტაბური პრევენციული ღონისძიებები ტარდება, ეს მხოლოდ უხანს არ ეხება, რომელიც ინფიცირების წყაროა. გარდა ამისა, ქალაქი საკვებითა და სასმელი წყლითაა უზრუნველყოფილი. შესაბამისად, უხანში სასმელი ან საკვების რაიმე სახის დეფიციტი არ იქნება. ქალაქში თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს ყველა ობიექტის დეზინფექცია და ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. ცხადია, დაინფიცირებულთა რიცხვი მატულობს და თებერვალში, ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ ამ მასშტაბური პრევენციული ღონისძიების გათვალისწინებით, ყველაფერს აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება, რომ მასშტაბები და ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდეს.

 

გარდა ამისა, კონტაქტი გვაქვს ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებში ჩვენს თანამოქალაქეებთან, მუდმივ კავშირზე ვართ მათთან სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით. საბედნიეროდ, ისინი ჯანმრთელად და უსაფრთხოდ არიან“, - აცხადებს არჩილ კალანდია.

 

კითხვაზე, არის თუ არა სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მისაღებად საკმარისი ადგილი, ელჩი პასუხობს:

 

„ჩინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი ასეთ საფრთხეს უახლოეს პერიოდში არ ელოდებიან. მთელი ჩინეთის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულება მობილიზებულია. ჩინეთს ყველა რესურსი გააჩნია იმის, რომ ამ ეპიდემიას წინ აღუდგეს. ჩინეთის მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო მასშტაბის პრევენციული ზომებია მიღებული. რაც მთავარია, არც ქალაქ უხანსა და არც ჩინეთში პანიკა არ არის. აკრძალვები პირველ რიგში ეხება არა იმას, რომ დაღუპულთა რიცხვი საგრძნობლად მატულობს და ქვეყანაში პანიკა არის, არამედ პირიქით, იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს შემცირებული ინფიცირებულთა რაოდენობა და მაქსიმალურად ეფექტურად გაატარონ პორევენციული ზომები“, - აცხადებს დიპლომატი.

 

ელჩი საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, გაითვალისწინონ ჩინეთის ხელისუფლების რეკომენდაციები და ამ ეტაპზე მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

 

„ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გადაადგილებასთან დაკავშირებით კონკრეტული შეზღუდვები დაწესებული არ არის. სასურველია, რომ მოგზაურობას და ქალაქიდან ქალაქში მოძრაობას მოერიდონ. პირველ რიგში იმიტომ, რომ მაქსიმალურად შემცირდეს შესაძლო ინფიცირების საფრთხე. ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი აბსოლუტურად არ არსებობს. თუმცა, ცხადია ყველას ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად დაიცვან ის მოთხოვნები, რასაც ხელისუფლება მათ მოუწოდებს. მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას, გარეთ გასვლისას პირბადით იარონ და მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენის ნორმები, ხელები ხშირად დაიბანონ. ეს არის ის მინიმალური მოთხოვნები, რაც აუცილებლადაა შესასრულებელი. ცხელი ხაზი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან. საელჩო ყველა საშუალებას იყენებს, რომ მოსახლეობას ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდოს. საბედნიეროდ, ყველა მხნედ არის და ერთმანეთს ამხნევებენ, რომ ამ ყველაფერს სერიოზული გართულება არ მოჰყვება. ჩვენს თანამოქალაქეებში არავითარი პანიკა არ შეინიშნება, ყველა მხნედ არის და ჩვენც საათობრივ მონიტორინგს ვახორციელებთ“, - აცხადებს არჩილ კალანდია.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner