„ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრთა შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არ დაფიქსირებულა ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა ან კორონავირუსთან დაკავშირებული რაიმე საეჭვო სიმპტომი ჰქონდა“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მისი თქმით, უშუალოდ ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები, ან მგზავრები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, მაგრამ იქამდე ჩინეთში იმყოფებოდნენ, აეროპორტებში მოწმდებიან, ინფექციური საავადმყოფოსთვის მიმართვის ვალდებულება კი მხოლოდ იმ მგზავრებს აქვთ, რომლებსაც შემოწმების შედეგად ტემპერატურა დაუფიქსირდებათ.
„ყველა შემოწმება ხდება აეროპორტში და გამშვებ პუნქტებში. თუ შემოწმების შედეგად ადამიანს დაუფიქსირდება ტემპერატურა, მან უნდა მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს. ჩინეთიდან არ ყოფილა ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა ექნებოდა, ან კორონავირუსის მიმართულებით საეჭვო იქნებოდა, ასეთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. ერთი ადამიანი იყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელსაც ქვეყნიდან გამოფრენის მომენტში ტემპერატურა ჰქონდა, აქ რომ ჩამოფრინდა, უკვე აღარ ჰქონდა, თუმცა ინფექციურს მაინც მომართა. მას კორონავირუსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.