„ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„შექმნილი გვაქვს საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმ მიმართულებით, რომ აქტიური ინფორმაცია გვქონდეს. ჩვენი საჰაერო მიმოსვლა ასევე არის კონტროლს ქვეშ და გვაქვს ყველანაირი ინფორმაცია ავიახაზებიდან, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ ფრენას თუ რომელი მგზავრი რომელი ლოკაციიდან იწყებს ფრენას და შესაბამისად, ყველა პრევენციული ღონისძიება, რომელიც დღემდე საჭირო იყო, გატარებულია სამინისტროსა და სახელმწიფოს მხრიდან. ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპისთვის გადადებულია. დღეს ჩვენ გვექნება კიდევ დამატებითი შეხვედრა მაღალ დონეზე, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას შემდეგ რეისებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპისთვის ვაჭრობის კუთხით რაიმე შეზღუდვების დაწესებაზე არანაირი რეკომენდაცია არ არსებობს.
„ამ ეტაპისთვის ვაჭრობის კითხით არანაირი შეზღუდვების დაწესებაზე არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია და რეკომენდაცია მიღებული. არც ვაქცინის შემუშავებაზე არ გვაქვს ამ ეტაპზე ინფორმაცია, თუმცა ერთი დადებითი ფაქტი, რომელიც გაჟღერდა დღეს დილით საერთაშორისო მედიაში, არის ის, რომ 11 სამედიცინო პერსონალი, რომელიც იმყოფებოდა ადგილზე, განკურნებულია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.