„დღევანდელი საზოგადოებრივი მითი, რომლის დანგრევასაც შევეცდებით, არის შემდეგი - პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო“ არ არის ევროპული და მეტიც, ზუსტად ეგ ხალხი იყო, ვინც 90-იანებიდან დღემდე ეწეოდნენ თავისუფალი ბაზრის ფეტიშს და შესაბამისად, ევროპის დემონიზაციას, თუმცა, ევროპას იყენებდნენ საფარველად“, - ამბობს ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის საავტორო გადაცემაში „საზოგადოებრივი მითები“ და აქვე გვთავაზობს გამოკითხვას, თუ რას ფიქრობს ხალხი ამ ყველაფერზე.
„დღეს ვეცდებით, დეკონსტრუქცია გავუკეთოთ მითს „ევროპული საქართველოს“ ევროპულობაზე და ამას რამდენიმე პარამეტრით შევეცდებით.
ჯერ უნდა შევთანხმდეთ, რას ნიშნავს ევროპა, როგორია ევროპა ანთროპოლოგიურად, რა ღირებულებებზე შეიქმნა და დგას, როგორი ეკონომიკაა, როგორი ჯანდაცვა, როგორი სოციალური პაკეტი და ა.შ.
ეს პარამეტრები შემდეგია: ევროპული ფილოსოფია, სამართალი, ჯანდაცვა, ეკონომიკა და შრომის როლი.
დავიწყოთ პირველით - ევროპული ფილოსოფია.
ევროპული ფილოსოფია დაფუძნებულია განმანათლებლობის პროექტზე, საზოგადოებრივ კონტრაქტებზე, ჟან-ჟაკ რუსო, მონტესკიე, შემდეგ კლასიკური გერმანული ფილოსოფია კანტი, ჰეგელი და ბოლოს მარქსი, რაზეც სრულად დაეფუძნა ევროპა. ამათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ და ესაა სოციუმის იმგვარი გაგება, რომელიც ამბობს, რომ საზოგადოება მთლიანი რამაა და არა ინდივიდების ჯამი, რომ თავისუფლების კონცეპტზე მნიშვნელოვანი თანასწორობის გაგებაა, რომ ინდივიდის პრიმატზე დაფუძნებული საზოგადოება არასწორია. ამის საპირისპირო კი ამერიკული ფილოსოფიაა, რომელიც ინდივიდის პრიმატს აღიარებს და ზუსტად ამ უკანასკნელის სწამდათ „ევროპული საქართველოს“ ლიდერშიპს. ეს ლიდერები, ბოკერია და სხვები, ადრე კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სააკაშვილთან ერთად არის ხალხი რომლებმაც შექმნეს ყველაზე სიმულაციური და არამეცნიერული იდეოლოგია საქართველოში.
ეს ლიბერალური ანდაც ფსევდოლიბერალური პროექტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. პროექტმა მოიტანა ის, რომ სამყარო დაყო ორ ნაწილად, საბჭოთად და ანტისაბჭოთად. დაყოფის პრინციპი შემდეგი იყო: ყველაფერი საბჭოთა ცუდია, შესაბამისად ყველაფერი ანტისაბჭოთა - კარგი. ეს აბსოლუტიზმი მოედო ყველაფერს და შეაღწია ყველგან, ეკონომიკაში, პოლიტიკაში, მეცნიერებაში. საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ პერესტროიკის პერიოდის ინტელექტუალები, რომლებიც ინტენსიურად ამართლებდნენ სააკაშვილის პოლიტიკას, რომლებმაც ყველაფერი სოციალისტური საბჭოთა კავშირის პროექტს გადააყოლეს, რომლებმაც უარყვეს მარქსი, რამაც მოიტანა მთელი ჰუმანიტარული სამეცნიერო კორპუსის ჩამოშლა, იმიტომ რომ დღევანდელი კონტინენტური ფილოსოფია მთლიანად მარქსის გავლით უნდა წავიკითხოთ. ეს იყო პერიფერიული მოდელი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ვბაძავდით ისეთ სინგაპურს, რომელიც არ არსებობდა, ისეთ ევროპას, როგორიც არ არსებობდა, ანუ აცდენილს რეალური ევროპისაგან და ამის მთავარი იდეოლოგიური შემოქმედები იყვნენ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები. ანუ მათ მოიგონეს ევროპა სათავისოდ.
პირველ პუნქტში ვნახეთ, რომ ევროპული ფილოსოფია სხვაა, ხოლო „ევროპული საქართველოს“ ფილოსოფია სხვა.
ახლა გადავიდეთ შემდეგზე და ესაა სამართალი. „ევროპული საქართველოს“ ყველა ლიდერი, განსაკუთრებით გიგია ბოკერია, მუდამ საუბრობს სასამართლოს დამოუკიდებლობის და ხარისხის გარანტირების არგუმენტად ნაფიც მსაჯულთა პრაქტიკის გაფართოებაზე, რომელიც საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო 2 წელიწადს შემოვიდა ძალიან მცირე რაოდენობით და შემდგომ წლებშიც ამ მიდგომამ განსაკუთრებული გაფართოება და უფრო მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება სასამართლოში ვერ მოახერხა
ჯეფრი აბრამსონი თავის ნაშრომში („ჩვენ, ნაფიცები“) ამბობს, რომ „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დემოკრატიის ყველაზე უკეთესი და ამავდროულად ყველაზე უარესი მონაპოვარია“ და ამის მაგალითად მოჰყავს ისტორიულად ცნობილი ვერდიქტები, რომლებიც დღემდე გვაოცებს: ნაფიცმა მსაჯულებმა ათენში სოკრატეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი რელიგიური დანაშაულისათვის, ინგლისში – ციხეში წასვლა ამჯობინეს უილიამ პენის დადანაშაულებას, სეილემში ქალები დაადანაშაულეს გრძნეულებაში, ამერიკაში კი წინააღმდეგობა გაუწიეს „კუდიანების“ (პროგრესულად განწყობილი ადამიანები) დევნას, სამხრეთ ამერიკაში გაათავისუფლეს ვექილები, რომელთაც ლინჩის წესით გაასამართლეს აფრიკელ-ამერიკელები.
უნდა აღინიშნოს რომ ნაფიც მსაჯულთა ტიპი სასამართლო უმრავლეს ძველ ცივილიზაციაში არსებობდა, თანამედროვე ნაფიც მსაჯულთა წინაპრად უნდა მივიჩნიოთ რომაული წესები და ვიკინგური სამართალი, რომელმაც ინგლისურ სამართალზე შემდგომში პოვა სერიოზული ასახვა. ის ძირითადად ანგლოსაქსურ სამყაროშია გავრცელებული და მსოფლიოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეების 90% აშშ-ზე მოდის. მრავალი სხვადასხვა სისტემა არსებობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსი, ზოგ შემთხვევაში ისინი ემატებიან პროფესიონალ მოსამართლეებს, 3+2 ან ცალ-ცალკე იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც უნდა დაემთხვეს და ა.შ. თუმცა ევროპულს მასშტაბით. იქ, სადაც მოქმედებს მსგავსი სისტემა, ძალიან შეზღუდულ და განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება. ასე მაგალითად, დანიაში მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის საქმეებს (გარდა დანაშაულისა, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან - თაღლითობა, მითვისება, გაფლანგვა და ა.შ.) პირველი ინსტანციით იხილავს სამი პროფესიონალი და 12 არაპროფესიონალი მოსამართლე. პროფესიონალი მოსამართლეები წყვეტენ განსასჯელის ბრალეულობის საკითხს ხმათა უბრალო უმრავლესობით (3-დან 2 ხმა), არაპროფესიონალები კი კვალიფიციური უმრავლესობით (12-დან არანაკლებ 8 ხმა). ბელგიაში მსაჯულები მონაწილეობენ პოლიტიკურ, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ და პრესის მიმართ ჩადენილ დანაშაულთა განხილვაში. ამ ქვეყნებში ძირითადად სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ ერთი მოსამართლისა და ორი შეფენისაგან შემდგარი სასამართლო კოლეგიები. რაც შეეხება სამოქალაქო საქმეებს, მათ ძირითადად, მოსამართლე იხილავს ერთპიროვნულად. გერმანული მოდელიც არ განეკუთვნება ნაფიც მსაჯულთა კლასიკურ ვარიანტს. გერმანიაში თავიდანვე დაინერგა მსაჯულთა სასამართლო, რომელსაც ცოტა რამ ჰქონდა საერთო კლასიკურ მოდელთან. მოგვიანებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შეიცვალა ერთიანი კოლეგიით - შეფენების სასამართლოთი. დღეისათვის გერმანიაში ფუნქციონირებს მიწის სასამართლოები, სადაც სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ სამი მოსამართლისა და ორი შეფენის მონაწილეობით.
ნორვეგია და შვეიცარია არსებულ წესს ან აუქმებენ, ან ცვლიან, თუმცა არც ერთ ევროპულ ქვეყენაში არ მოიძებნება აშშ-ს მსგავსი პრაქტიკა, სადაც 12 ნაფიცი მსაჯული წყვეტს ბრალდებულის ბედს ყველა დონის საქმეში, მათ შორის ადმინისტრაციულ საქმეებზე.
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს აშშ-ში საკუთარი წარსული გააჩნდა, რაც გულისხმობდა დიდ მოსახლეობაზე ამერიკის კოლონიებში არაკვალიფიციური მოსამართლეების არსებობას, რამაც ხელი შეუწყო მის ასეთ განვითარებას.
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მიმართ ისედაც არსებულ კრიტიკას, რომ ისინი არაპროფესიონალურად განიხილავენ საქმეებს, თანამედროვეობაში ციფრული და საინფორმაციო პოლარიზების პირობებში კიდევ მეტი საფრთხე ემუქრება, იმის, რომ ეს ადამიანები მოექცნენ საზოგადოებრივი წნევის ქვეშ, მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც სოციალური კავშირები და ურთიერთობები ძალიან ახლოა.
ახლა ჩვენი საქმე არაა ამ სისტემის ავკარგიანობის განსაზღვრა, თუმცა „ევროპული საქართველოს“ ხედვა, რომ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის მეტი და მეტი გაფართოებით მოხდეს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, აშკარად არაა პროევროპული. რადგან დაწერილი კონსტიტუციის, კანონების და არა პრეცედენტების სამართლის ქვეყნებში არ დგება საჭიროება, თემმა (community) განსაჯოს საკითხები(ამის დასტურად თავში მოყვანილი პროცენტული გადანაწილებაც).
მესამე კომპონენტი ესაა ჯანდაცვა.
ჯანდაცვა:
„ევროპული საქართველოს“ წევრებისგან და განსაკუთრებით ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილისგან ხშირად მოისმენთ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის კრიტიკას, რომ ის უნდა იყოს მიზნობრივად ორიენტირებული ყველაზე გაჭირვებულ და მოწყვლად ჯგუფებზე და არა ყველაზე, მთელ საზოგადოებაზე. ჯანდაცვის სისტემები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთულად ორგანიზებული მექანიზმია, თუმცა ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ ევროკავშირში არც ერთი ქვეყანა არ არის, რომელსაც არ ჰქონდეს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, რომელსაც მოქალაქეებისგან აკრეფილი გადასახადებით სახელმწიფო უზრუნველყოფს. ევროპის მასშტაბით მხოლოდ ჩვენი მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი არიან რომელთაც აქვთ მიზნობრივი ჯანდაცვის დაზღვევა, როდესაც მხოლოდ ყველაზე შეჭირვებულებს ანდა ასაკოვნებს აზღვევს სახელმწიფო სისტემა, მიახლოებით ისეთი, როგორიც 2010-2012 წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში და რა სისტემასაც ლობირებს „ევროპული საქართველო“. განვითარებულ სამყაროში მხოლოდ აშშ დარჩა ქვეყანად, რომელიც არ უზრუნველყოფს საყოველთაო ჯანდაცვას. რამდენიმე პროგრამა, როგორებიცაა მედიქეა, მედიცითი და ობამაქეარით ცნობილი (act of affordable healthcare) პროგრამა უზრუნველყოფს ამერიკის მოსახლეობის ნაწილის დაზღვევას. ეს ამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად და სიღარიბის მიზეზად რჩება, ამიტომაცაა, რომ უკანასკნელი ათწლეულებია ყველა პრეზიდენტის ოფისი ცდილობს, სხვადასხვა გზით გადაჭრას ეს საკითხი.
აქაც შეიძლება ითქვას, რომ „ევროპულ საქართველოს“ კავშირი არ აქვს ევროპულ ჯანდაცვის სისტემასთან. რადგან პრაქტიკულად ყველა ევროპული ქვეყანა და ევროკავშირის ადამიანის უფლებათა 35-ე მუხლის თანახმად, განმარტავს და გარანტირებას უწევს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ხარისხიანი ჯანდაცვის მიღების საშუალება, მეტიც, რუსეთის ფედერაციული კონსტიტუციის 41-ე მუხლიც ეხება და ამტკიცებს იმავეს. ზოგი ევროპული ქვეყნის კონსტიტუცია იმასაც კი ამტკიცებს, მაგალითად იტალია, ლატვია, ბულგარეთი, პორტუგალია, ესპანეთი და ა.შ., რომ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა უნდა იყოს უფასო.
საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დამკვიდრდა, რომ სამედიცინო ბაზარს პრაქტიკულად მთლიანად აკონტროლებს კერძო სამედიცინო დაწესებულებები, მაშინ, როდესაც ევროპაში არსებობს ძირითადად არამომგებიანი (non-profit) სამედიცინო დაწესებულებები, რაც გულისხმობს, რომ ის, როგორც ჩვეულებრივი ბიზნესი არ მოქმედებს, ანუ იმ მოგებას ისევ ანაზღაურებებში და ინფრასტრუქტურის განვითარებაში აბრუნებს და არა როგორც დივიდენდს ისე იღებს. ეს მიდგომა არა მხოლოდ არაევროპულია, არამედ მე-19 საუკუნის პრაქტიკაა, რადგან განვითარებული სამყარო შეთანხმებულია, რომ ჯანდაცვა არის სპეციალური ტიპის საბაზრო სერვისი.
„ევროპული საქართველოს“ რჩევისგან განსხვავებით, არათუ კერძო სადაზღვეოების ხელში არ უნდა გადავიდეს მთლიანად სისტემის მართვა, არამედ ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი საყოველთაო დაზღვევა, NHS (ბევერიჯის სისტემა) მთლიანად სახელმწიფოს ხელშია მისი მმართველობა და სამედიცინო დაწესებულებები.
მესამე კომპონენტი ესაა თავად ეკონომიკა.
ეკონომიკა:
„ევროპული საქართველო“ მუდამ საუბრობს გადასახადების შემცირების აუცილებლობაზე. დაკონკრეტებისთვის, გადასახადებში ვგულისხმობთ არა კომუნალურ ხარჯებს, არამედ სახელმწიფო გადასახადებს, როგორიც არის მაგალითად, საშემოსავლო, დღგ და სხვა. ეს მათი ეკონომიკური ხედვის მთავარი ღერძია, როგორც პანაცეა ყველანაირ სირთულეზე. მეტიც, პროგრესულ გადასახადებს (პროგრესული გადასახადებია, როდესაც რაღაც თანხის ზემოთ გადასახადი იხდება სხვა პროცენტული განაწილებით. ასე მაგალითად, თუ 100 ლარზე 20% იხდი, ხოლო 100 ლარზე ზემოთ 25%, ეს ნიშნავს, რომ არა ვთქვათ 150 ლარის შემთხვევაში იხდი 25%, არამედ 100-ზე იხდი 20% ხოლო 100-ს ზევით არსებულ დარჩენილ 50 ლარზე იხდი 25%), სადაც უფრო მაღალშემოსავლიანი იხდის მეტს, ხოლო დაბალშემოსავლიანი იხდის საშუალოზე ნაკლებს ან საერთოდ არ იხდის, გამოყვანილი ჰყავთ როგორც საბჭოთა-მარქსისტული აბსურდი. ასეთი აბსურდი კი პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანაშია აპრობირებული მრავალი ათწლეულია, მათ შორის ლიბერალური ეკონომიკის მქონე აშშ-შიც. ყველა ევროპული ქვეყანა, გარდა ანდორა, მონაკო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, უნგრეთი, ესტონეთი აწარმოებს პროგრესულ გადასახადებს. რუსეთში და ბულგარეთში კი განსხვავებული ფორმით, სოციალური უსაფრთხოების ფონდში გადარიცხვით, იგივე ამოცანას ასრულებს. ზოგ შემთხვევაში პროგრესული გადასახადების უმაღლესი ჭერი ევროპაში თითქმის 60%-მდეც კი ადის, მაგალითად, ფინეთი, შვედეთი. საშუალო ევროპული ჭერი კი ყველაზე მაღალშემოსავლიანებისთვის მიახლოებით 45 %-ია.
ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ასევე ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის ევროპული საქართველოსთვის არის მუდამ საჯარო - სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაცია, სახელმწიფოს როლის კლება ეკონომიკაში და მისი წილის კლება მთლიან ეკონომიკურ აქტივობაში. სინამდვილეში კი სახელმწიფო ხარჯის მიხედვით ევროკავშირში შემავალი ქვეყნები მსოფლიოში ყველაზე მაღალი დონით გამოირჩევიან. თუ საქართველოს შემთხვევაში ამ ხარჯის 2 ტიპით დათვლის მეთოდოლოგია არსებობს, ის 29% ან 34%-ია საშუალოდ, ევროპული სახელმწიფო წილი ეკონომიკაში ორივე მეთოდოლოგიით შესაბამისად 45.2% და 46.8%-ია. ანუ გაცილებით მაღალია ეს მაჩვენებელი ევროპაში. დასავლეთ ევროპის წარმომადგენლებს, მაგალითად მიახლოებით ჩვენი ზომის ავსტრიის და მოსახლეობით მსგავსი ფინეთის შესაბამისად 48.5% და 53.1% მაჩვენებლებს თავი რომ დავანებოთ და ავიღოთ ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნები - ესტონეთი - 39.5%, პოლონეთი 41.5%, სლოვენია 42.4%. მაჩვენებლები აშკარად სხვა მდგომარეობაზე მეტყველებენ, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც შეძლებს, საბაზრო ეკონომიკაზე ტრანზაქციის პირობებში არ გაენადგურებინათ სახელმწიფო პასუხისმგებლობა და წილი ეკონომიკაში, შესაბამისად ახლა უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან.
მეხუთე და ბოლო კომპონენტი არის შრომა.
შრომა:
„ევროპული საქართველო“ ხშირად გამოირჩევა შრომითი კანონმდებლობის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებით.
ისინი წინააღმდეგნი არიან შრომითი უსაფრთხოების რეგულირების, კოლექტიური შრომით ხელშეკრულებების, მინიმალური ხელფასის და სხვა.
ის, რასაც „ევროპული საქართველო“ მავნებლობას უწოდებს, ყველა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში არსებობს, უმეტესად საკანონმდებლო დონეზე. მათ შორის ყოფილი სსრკ-ს მოკავშირე რესპუბლიკებში, კერძოდ, ბალტიისპირეთის ქვეყნებში.
მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს საკანომდებლოდ გაწერილი მსგავსი ნორმა, თუმცა ის პრაქტიკაში შემდეგი სახით არსებობს. ასე, მაგალითად ნორდიკულ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, ნორვეგია, ისლანდია, დანია, ქვეყნები, რომლებიც გამოირჩევიან საკუთარი სახელმწიფო პასუხისმგებლობით მოქალაქეთა კეთილდღეობაზე, სხვა ე.წ. ნორდიკული სისტემით აგვარებენ ამ საკითხს, რაც გულისხმობს პროფკავშირებსა და დასაქმებულებს შორის სხვადასხვა სექტორში კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე აღნიშნული საკითხის დარეგულირებას. მაგალითად, ისლანდიაში ყველა დასაქმებული ავტომატურად ხდება პროფკავშირის წევრი, შვედეთში დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ასევე პროფკავშირის წევრია, იტალიაში კი არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება სამართლიანი ანაზღაურების შესახებ, რომელის იტალიის რესპუბლიკის კონსტიტუციის 36-ე მუხლს ეყრდნობა. ლიბერალური ეკონომიკის მქონე აშშ-შიც კი 1938 წლიდან არსებობს მინიმალურ ანაზღაურებაზე ფედერალური კანონი, პლუს ამას შტატების დონეზე არის დამატებითი რეგულაციები. შესაბამისად მინიმალური ხელფასის განსაზღვრის ასეთი ინტიტუციონალიზირებული პრაქტიკით ისინი იმავე მიზანს აღწევენ, რასაც მრავალ ქვეყანაში საკანონმდებლო დარეგულირებით, თუმცა შედეგი ერთი და იგივეა, ანუ მოქალაქეები ღირსეულ ანაზღაურებაზე ქვემოთ მუშაობის საფრთხის ქვეშ არ დგანან.
და ბოლოს, მოდი, შევაჯამოთ ეს ყველაფერი. ჩვენ ვნახეთ, რომ „ევროპულ საქართველოს“ კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან. მახსოვს, ადრე სადღაც ვთქვი, ერთი ვიდეო იყო, სადაც მეგრელი კაცი ჰყვებოდა, თუ როგორ წავიდა ციმბირში ინგლისურის პედაგოგად, ხოლო ინგლისურის მაგივრად ასწავლიდა მეგრულს. ასეა ეს პარტიაც, ისინი რასაც ევროპას ეძახიან და ევროპად რასაც გვასაღებენ, ყველაფერია, ევროპის გარდა.
ამ ყველაფრის ფესვები კი 90-იანებიდან მოდის, როდესაც გავაფეტიშეთ ე.წ. ფრი მარკეტ ფუნდამენტალიზმი. როდესაც ფუკუიამა და ლიბერალური დემოკრატია ერთადერთ ალტერნატივად გამოვაცხადეთ, ზუსტად მაშინ შეიქმნა ეს პერიფერიული და არამეცნიერული პოლიტიკური კლასი, რომელიც 2003 წელს უკვე სათავეშიც ვიხილეთ ქვეყნის.
დღევანდელ სერიაში არაფერი გვითქვამს ადამიანის უფლებების, პატიმართა უფლებების სიტყვის და გამოხატვის უფლების მასობრივ და უხეშ დარღვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა „ევროპული საქართველოს“ შემქმნელების მხრიდან, ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ ახლანდელი პარტიის იდეოლოგიურ შემადგენელზე, თუმცა შრომით უფლებებზე ამდენი საუბრის შემდეგ გვერდს ვერ ავუვლით 2006 წელს შრომის კოდექსის გაუქმებას და 2011 წელს თავისუფლების აქტის მიღებას, რამაც კონსტიტუციაში უპრეცედენტო ცვლილება მოიტანა გადასახადების რეგულირების კუთხით, ანუ მათ საკუთარი იდეოლოგიური მრწამსი, ეკონომიკური პოლიტიკის პარტიული პრიორიტეტი კონსტიტუციაში ჩაწერეს, მაშინ როდესაც ზემოთ აღნიშნული ევროპული რეგულაციები მთლიანად დგას ევროკავშირის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა წესდებაზე, კერძოდ, მე-4 თავზე, სოლიდარობის შესახებ, სადაც გაწერილია, რომ დასაქმებულებს უფლება აქვთ, მიიღონ სრული ინფორმაცია დასაქმებულებისგან, გაერთიანდნენ პროფესიულ კავშირებში და ჰქონდეთ კოლექტიური მოლაპარაკების და ხელშეკრულების დადების უფლება, მათ შორის გაფიცვის უფლება, დაცული იყოს უსაფუძვლო გათავისუფლებისგან, იმუშაოს უსაფრთხო და სამუშაო პირობების მხრივ სამართლიან გარემოში. ასევე 34-ე ქვეთავი ადგენს უფლებას სოციალური დაცულობის, როგორიცაა სიბერე, ავადმყოფობა, ორსულობა, სამუშაოზე დაშავება, უმუშევრობა და სხვა შემთხვევაში მიიღოს დახმარება და სოციალური კომპენსაცია. შემდეგი ქვეთავი ადგენს უფლებას, რომ ადამიანმა მიიღოს პრევენციული მედიცინის მომსახურება და ასევე ადგენს, რომ ევროგაერთიანების ყველა პოლიტიკა და ქმედება მიმართული უნდა იყოს ადამიანთა ჯანმრთელობის ხარისხიან დაცვაზე. ასევე საცხოვრებლის უფლებით უზრუნველყოფა, მომხმარებელთა უფლებების გარანტირება და სხვა სოციალური დაცულობის საკითხები უზრუნველყოფილია ამ წესდებაზე დაყრდნობით.
შესაბამისად, ვხედავთ რომ „ევროპულ საქართველოს“ სერიოზული აცდენა აქვს რეალურ ევროპასთან, რომელიც ცივილიზებული საზოგადოებრივი ცხოვრების სტანდარტებზე დგას, განსხვავებით ამ პარტიის ხედვებისგან სოციალურ თანაცხოვრებაზე რომლის მსგავსი ისტორიული ანალოგები ალბათ მე-19 საუკუნის აშშ-ს ველური დასავლეთის ათვისებისას, ისიც გამორჩეულად კერძო და დროებით პრეცენდენტებში შეიძლება ვიპოვოთ“, - ამბობს გური სულთანიშვილი.
https://www.facebook.com/POSTV.Analytics/videos/603782527107673/?epa=SEARCH_BOX